საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 22 ნოემბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე შოთა ქ. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირი წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი – ორჯერ ქურდობისთვის, ერთხელ ძარცვისთვის. ასევე, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არაერთხელაა დაჯარიმებული, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულმა იზოლატორში შეყვანის შემდეგ სხეულზე ნაკაწრების სახით თვითდაზიანება მიიყენა. ასევე, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ პირის ღრუში დამალული ჰქონდა ე.წ. “ბრიტვის” ნატეხი, რომელიც გადაყლაპა.
“აღნიშნულ ფაქტზე მოხდა შესაბამისი რეაგირება, სამართალდამცველებმა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაკავებული ბადრაგის თანხლებით სტაციონარში გადაიყვანეს. წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ შოთა ქ-ს არ ჰქონდა არანაირი საგანი გადაყლაპული, ხოლო დამატებით საჭირო გამოკვლევებზე, მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც შოთა ქ. სტაციონარიდან გაეწერა.
ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმყოფება 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი ჯანმრთელობის მდომარეობა დამაკმაყოფილებელია”, -ნათქვამია განცხადებაში.






