კამერა თეთრი, დიდი დარაბებიდან ოთახში შედის… ანტიკას ღვიძავს… თეთრი ქვის ფიგურები ადამიანის გამოსახულებით და მხოლოდ ერთი ქმნილება ადამიანისგან, ოსტატი ამ ერთადრეთთან და მისი მზერა, შეხება… ეძებს იმ ერთადერთ სილუეტს, რომლის ცივ ქვაშიც მცხუნვარე ემოციას იგრძნობს… თეთრ, დიდ დარაბებიან ოთახში გამოფენაა, შავ-თეთრი კადრებისა და ფერადი ნახატების გამოფენაა… ფოტოგრაფი ადრენალინს ეძებს ნეგატივში… თეთრ, დიდ დარაბებიან ოთახში ზღვაა, რომლის ტალღებიდან ქალთევზებს გამოაქვთ სველი წერილები, სველ ოცნებებთან და ტკივილთან ერთად… წერილებში ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს…
მე წაგიყვან გაზაფხულის ზღვაზე, მოგიყვები გაზაფხულის ამბებს და გაზაფხულივით გიჟურად მეყვარები… მეყვარები ატმის ფოთლებად და ტალღის ხმაურად, მზის სიწითლედ და ნაზ შეხებად მეყვარები… მეყვარება შენი თვალები- სულ რომ მეკეკლუცებიან, ღიმილი-ზემოთ რომ გიწევს ლოყებს, ცხვირი მეყვარება, მზეს რომ აუქერცლავს და თმა- ქარში რომ აბურდულა… ძვლები მეყვარება შენი, აი ის ძვლები, კისერს რომ მიუყვება მკერდისკენ, ჩახუტებისას იზნიქებიან ზევით, ჩემკენ… თითები მეყვარება შენი, ჩემი პირველი შეხება შენს სხეულთან…
მიყვარხარ გაზაფხულად, ტალღის ხმაურად, აღმაფრენად და კივილად მიყვარხარ, ტკივილად მიყვარხარ… იქნები ყოველთვის მარტო ჩემი სიგიჟის გაზაფხული, არსად გაგიშვებ…
4.05.2015/ძვ.წ 737… უცხო
უცებ გამახსენდა უცხო… იყო მარტო ერთხელ, ბუნდოვნად, ხმაურში, სასმელსა და ზღვის ტალღებში. იდგა შორს და ამდენ ხალხში მე ვიგრძენი მისი თვალი, უცნაური, გასული და ღრმა, ეშმაკუნებით… სიმღერა ერთი, ორი, სამი… გულის დაღლამდე ცეკვა და თავბრუსხევა. ლამაზი ფერები… სიშორე ხალხთან და ამ მარტოობაში მისი შორი მზერა, შემდეგ მოახლოება და ახლო მზერა… ღიმილი. მოცეკვავე ხალხში უძრავად დგომა და თვალები ჩემკენ, ისევ ღიმილი. არ ვიმჩნევ, შუაღამეა უკვე, წინ მიდგას და მომჩერებია.
– გიჟი ხარ? მითხრა, რომ კი…
– და შენ? ვპასუხობ, რომ არა…
ღიმილი (მიხვდა, რომ მოვატყუე )… სხეული მუსიკას მიჰყვება, უცხო- მე, უკან ვიწევ, ისევ მომყვება. ყურთან სიტყვების გრძნობა:
– მოვწიოთ? – არა. – კაი, არც სიგარეტი? – არა. – წამო, დავლიოთ! – არ მინდა! იცეკვე. – ეგ მე არ მინდა. – აბა აქ რა გინდა? – შენთან მინდა!
წასვლა დავაპირე… მისი ხელი შეეხო ჩემს ყვავილიან კაბას, შეეხო ხელს… თვალი დარჩენას მთხოვდა, კაბა გაშრიალდა გარეთ…
უცებ გამახსენდა უცხო… იყო ბუნდოვნად, ხმაურში, სასმელსა და ზღვის ტალღებში… იყო მარტო ერთხელ, თავბრუდამხვევად, დაუვიწყრად…
14.07.2015 /ძვ.წ 525 …უცხო
მოდი, როდესაც მოგენატრები, ახლოს არ მოგიშვებ, მაგრამ მაინც მოდი…
არასდროს ამიშლის ნერვებს- მოსაწყენი იქნება ჩემი ცხოვრება მასთან…
კარგია, როდესაც ცუდად ხარ, უკეთესი კარგად ყოფნაა, მაგრამ, როდესაც საერთოდ არ ხარ, არ ვიცი როგორია… ალბათ, ცარიელი…
ერთხელ მინდა, რომ მეც ვიყო სუსტი და სისუსტე ღირდეს…
მეშინია… მარტო ვარ… დავიღალე… მეზიზღება… მენატრება… მიყვარს… გამიღიმა… ველოდები… ვიტან…
ადამიანს, რომელიც არას ამბობს, კის თქმის ეშინია…
ვერსად ვიპოვე ადგილი ჩემთვის…
მოდი, ვისუნთქოთ ერთად ჩვენი ჰაერი და არა სხვისი… მოდი, გვენატრებოდეს ერთად ჩვენი ჩახუტება და არა სხვისი… მოდი, გვიყვარდეს ერთად ჩვენი სიყვარული და არა სხვისი… მოდი, ვიცხოვროთ ერთად ჩვენი ცხოვრებით და არა სხვისით…
29.11.2015/ძვ.წ 329… უცხოები
გაშეშებული, თითქოს პირველად დაინახა საკუთარი სახე… საკუთარი სხვისი თვალებით… ფოტო.
– ავტორი.
– პერსონაჟი…
(ნანუ აცრემლებული თვალებით უყურებს ფოტოს, უცხო კი- მის გვერდით მდგომ რაღაც უხილავს… უცნაური შეგრძნებაა… როგორ ძლიერ ხმაურობს სიჩუმე, თეთრ გამოფენაზე…)
– ვიცოდი, რომ მოხვიდოდი…
– რომ არ მოვსულიყავი?
– მე მოვიდოდი…
– სად?
– უკან ფოტოში, გაჩერებულ წამში…
– მე ავაჩქარებდი წამს და ვერ დამეწეოდი…
– ეს წამი ჩემი ნეგატივია, ფირია პოზიტივით შენში… კვლავ შეგაჩერებდი…
– შენ გარეშე ვარ…
– ჩემით შექმნილი, ჩემ გარეშე?!
– იქნებ, არ არსებობს არც ეს ღიმილი და არც ეს გამოხედვა, მერე?
– მე გავაარსებებდი შენში…
– ეს მე ვიყავი შთაგონება…
ნანუს ხელს უცხოს თითები შეეხო…
– ხელზე პატარა ძარღვი გითამაშებს.
– ხო, მოუსვენარია, შენს ცელქ ძარღვს ეძებს..
– ჩემსას ეშინია, იმალებახოლმე…
– დამალვას არ დააცდის გული, ამოხეთქავს… მანამდე არ გაგიშვებ…
– რა მემართება?
– უჩემობა აღარ შეგიძლია…
მსოფლიოს პირველი ფოტო რვასაათიანი ექსპოზიციით, შემდეგ დასული 4-5 წუთამდე და ახლა წამი, ჩვენი ფოტოწამი… თავბრუდამხვევი… საკაიფო…
7.12.2015/ძვ.წ 115…უცხო
კამერა თეთრი, დიდი დარაბებიდან ოთახში შედის… ანტიკას ღვიძავს. ოსტატი ცივი ქვის ფიგურებში ისევ ეძებს სითბოს, მიქელანჯელო ისევ მარხავს თავის ქანდაკებებს და თავიდან თხრის მიწას ანტიკური ქმნილების პოვნის სიხარულით, ფოტოგრაფი შავ-თეთრ კადრებში პოვებს ადრენალინს, ანადგურებს ფირებს და ახალ ნეგატივს იღებს… დარაბებიან ოთახში ისევ არის ზღვა, ოღონდ ამ ზღვაში სისხლიანი მიწიდან შესვლას უფრო მეტი ცდილობს, ტალღებიდან ქალთევზებს კვლავ გამოაქვთ სველი წერილები, სველ ოცნებებთან და ტკივილთან ერთად… წერილებში ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს…
ანანო შარიქაძე






