
როგორც BBC წერს, იტალიაში, შიმშილის დაკმაყოფილების მიზნით, საკვები პროდუქტების მოპარვა დანაშაულად აღარ ითვლება. დადგენილება იტალიის უმაღლესმა საკასაციო სასამართლომ უმუშევარი უკრაინელის, რომან ოსტრიაკოვის საქმის განხილვის შედეგად მიიღო.
2011 წელს, ოსტრიაკოვმა 4 ევროს ღირებულების ორი ნაჭერი ყველი და ერთი შეკვრა სოსისი მოიპარა, ამის გამო მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 100 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მიუსაჯეს.
,,ის ადამიანი, რომელიც გაჭირვების გამო, შიმშილის დაკმაყოფილების მიზნით, მცირე რაოდენობით საკვებს მოიპარავს, არ უნდა დაისაჯოს”, – აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.
კვლევის თანახმად, იტალიაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი ყოველდღიურად 600 ადამიანით მატულობს.
ნატალია ჯალაღონია





