5 სექტემბერს LIBE-ს კომიტეტში საქართველოს და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას უყრიან კენჭს
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) წევრები 5 სექტემბერს საქართველოსა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას უყრიან კენჭს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ ვიზალიბერალზიაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, საკითხს პლენარულ სესიაზე გაიტანენ.
ამასთან, როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ამავე დღეს მომხსენებელი მარია გაბრიელი უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ანგარიშის პროექტს წარადგენს.
კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის განხილვას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლიონა ზერკალი დაესწრება.