გუშინ ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ჟურნალისტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ, რომ მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მიეცეთ. მედიის წარმომადგენლები ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ 90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს“, – ნათქვამია მედიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.