შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შსს-ს აკადემიაში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი უძღვებოდა.
სხდომას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შემავალი უწყებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტები, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში შემავალ სტრუქტურებთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს.






