როგორც ცნობილი გახდა, უკონტაქტო პატრული ქუჩებში 1 ივლისიდან გამოჩნდება. პატრულის თანამშრომლები სამოქალაქო ავტომობილებით იმოძრავებენ.
სიახლის შესახებ საპარლამენტრო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი, სამოქალაქო მანქანები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დისკრეცია და თავისუფლება, რომ ამ შემთხვევაში, თვითონ შეარჩიოს სამოქალაქო მანქანების ტიპი, შეფერილობა – იქნება მინიავტობუსი, პიკაპი თუ მსუბუქი ავტომანქანა.“
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პატრულმა შეიძლება ტაქსის ნიშნითაც იმოძრაოს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მაგალითები, სადაც უკონტაქტო პატრულის მანქანებს ტაქსის შეფერილობა აქვს. ასევე, პრაქტიკაში არის ისეთი მანქანებიც ,რომელთა უკანა ნახევარი ტაქსის ფერებშია შეფერილი, წინა ნახევარი კი პოლიციის ფერებში და როცა ავტომანქანით მოსიარულეები მანქანას დარღვევით გასუწრებენ, სინამდვილეში საპატრულო პოლიციის მანქანა აღმოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა 10 მარტს, პირველი მოსმენით დაამტკიცა.
ნინო ზარიძე