
მამუკა ბახტაძის განცხადებით, სტუდენტებისთვის არსებული დაფინანსების სისტემა შეიცვლება და მათ ახალ კომპონენტს შესთავაზებენ, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მიცემს აირჩიონ პროფესია, უნივერსიტეტი ან სასწავლებელი, სადაც სწავლის გაგრძელება სურთ.
ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება, მუშაობა დაწყებულია.
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, ცვლილებები სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების პრინციპებს შეეხება. გაჩნდება ე.წ. საბაზო დაფინანსების მუხლი, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტების შემოსავალი მხოლოდ სტუდენტების მიერ შეტანილ სწავლის გადასახადზე არ იქნება დამოკიდებული .
უნივერსიტეტები შეძლებენ საბაზო დაფინანსებით მიღებული თანხების გამოყენებას, როგორც წარჩინებული სტუდენტების დასაფინანსებლად, ასევე სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის, სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად და სტრატეგიული განვითარებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ბახტაძემ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, სამთავრობო პროგრამაში ერთ–ერთ მთავარ საკითხად განათლების რეფორმა დაასახელა.
ნინო ზარიძე







