
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისში აღარ იმუშავებს და მთლიანად თბილისში გადავა. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში – ქუთაისსა და თბილისში. გარდა ამისა, ვიცე-სპიკერის განმარტებით, პარლამენტის ქუთაისში მუშაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტების სხდომები კი ძირითადად, თბილისში.
მომავალი წლიდან, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში განთავსდება პოლიციის რამდენიმე სტრუქტურა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა. კერძოდ, მისი თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში განთავსდება: “112”, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა.
ნინი მაზიაშვილი







