საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტა ანდა ტერაუდასთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების და გადადგმული ნაბიჯების შესახებ. თეა მაისურაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისად ეს არის შეუქცევადი საგარეო პოლიტიკური კურსი.
ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის უკანონო ქმედებებზე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.