პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები დაასახელა.
მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. ამასთან, მდინარაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტსაც შეითავსებს.
მიმდინარე სასესიო კვირაში კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან სხვა საპარლამენტო თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. კერძოდ, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის კანდიდატურა. ვიცე-სპიკერების პოსტს დაიკავებენ, ასევე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს – ირაკლი ბერაია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს – ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს – გენადი მარგველაშვილი, ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტს – გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და სამი კომიტეტის თავმჯდომარემ.