საკუთარი პროფესიის, მომავალი ყოველდღიურობის, ცხოვრების წესის არჩევა არცთუ ისე მარტივია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია მცდელობებთან, დაკვირვებასთან, მოცემულობების გადახარისხებასთან. თუმცა, დიდი შრომის ფონზე, ადამიანები პოულობენ საქმიანობას, რომელიც მათ ყველაზე მეტად შეეფერება.
სალომე ჯაფიაშვილისთვის სიტყვებთან, უცხო ენებთან ურთიერთობა გამორჩეულად საინტერესო სფერო აღმოჩნდა. ძალიან მოსწონს ის პროცესები, რასაც თარჯიმნობა სთავაზობს და ყოველთვის არის მზად. ამ მხრივ, გამოწვევევისთვის.
სალომე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
ძალიან საინტერესო საქმიანობა გაქვთ – ამ მხრივ, რამ განაპირობა თქვენი ინტერესი?
გეთანხმებით, ზეპირსიტყვიერი თარგმანი მართლა ძალიან საინტერესო საქმიანობაა. პირველ ყოვლისა, რამაც მიმიზიდა, ამ სფეროს მრავალფეროვნებაა: შეიძლება, დღეს ვთარგმნო ღონისძიება თანამედროვე ლიტერატურის შესახებ, ხვალ კი – სოფლის მეურნეობის აღჭურვილობის შესყიდვებზე. ვერ მოიწყენ. გარდა ამისა, თარგმანს (როგორც წერილობითს, ასევე ზეპირს) შემოქმედებითობა ახასიათებს, მუდმივად ფიქრობ აზრის უკეთ გადმოცემის ვერსიებზე, იდეალურ შესატყვისზე. მე ვცდილობ, პოეტურად მივუდგე, სიტყვებით ვითამაშო, სადაც ამის საშუალებაა და მსმენელს ის ემოცია გადავცე, რაც მოსაუბრეს სურს. სინქრონისტი თარჯიმანი რაღაც გაგებით მსახიობიცაა, რადგან მას უყურებენ, უსმენენ და ის ამ დროს სხვას განასახიერებს.
გარდა ამისა, სიმართლე რომ ვთქვა, უცხო ენები ყოველთვის მაინტერესებდა და დროთა განმავლობაში ოთხი უცხო ენა „შემომესწავლა“: ინგლისური, გერმანული, რუმინული და რუსული. ეს რომ „აღმოვაჩინე“, ეკონომისტობას თავი დავანებე და თარგმანის სფეროში გადავინაცვლე, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა და, ზოგადად, ტექნიკური საგნებიც არანაკლებ მიზიდავდა.
რა იყო თქვენი პირველი კარიერული ნაბიჯები?
საქმიანობის დაწყების კონკრეტული თარიღის დასახელება მიჭირს, რადგან ეკონომისტის რანგშიც, სხვადასხვა ოფისში მუშაობისას თარჯიმნობა არაერთხელ შემითავსებია. უცხოელი სტუმრები რომ გვყავდა, ქართველი და რუმინელი თანამშრომლებისთვის ვთარგმნიდი ინგლისურიდან და გერმანულიდან რუმინულად და ქართულად. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებდა. თან მიხაროდა, რომ კოლეგებისგან დადებით შეფასებებს ვიღებდი. მერე წერილობითი თარგმანი ოფიციალურად დავიწყე, ინგლისურიდან პირველი რომანი (მერი დაუნინგ ჰანის „დამაცადე, სანამ ჰელენი მოვა“, გამომცემლობა – „წიგნები ბათუმში“) ვთარგმნე და მივხვდი, რომ ზოგადად სიტყვებთან მინდოდა „ურთიერთობა“ და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებდა. მას შემდეგ კიდევ ოთხი რომანი ვთარგმნე: ორი -ინგლისურიდან, ერთი რუმინულიდან და ერთიც – ქართულიდან რუმინულად.
პირველ ოფიციალურ სინქრონულ თარგმანს რაც შეეხება, ცოტა უცნაური ისტორიაა, რადგან პირდაპირ საქართველოსა და მოლდოვის მთავრობების შეხვედრაზე ამოვყავი თავი. მაშინ რუმინულის სხვა თარჯიმანი არ არსებობდა და როგორღაც მომაგნეს. მე ისედაც ვგეგმავდი ამ სფეროში აქტიურად მუშაობას და უარი არ ვუთხარი. აღმოჩნდა, რომ ასეთ ოფიციალურ გარემოშიც არ დავიბენი და დამკვეთიც კმაყოფილი დარჩა. იქიდან მოყოლებული ზეპირსიტყვიერი თარგმანი ჩემს მთავარ საქმიანობად იქცა და დღეს წერილობითი თარგმანისთვის დრო ძალიან იშვიათად მრჩება.
რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თქვენი საქმიანობა?
რაც ერთი ადამიანისთვის დადებითი მხარეა, სხვისთვის შეიძლება, სირთულე იყოს და -პირიქით. მაგალითად, მე მომწონს ამ სფეროს ქაოსური და მოქნილი გრაფიკი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იმასაც განაპირობებს, რომ ზოგჯერ დაგეგმვა შეუძლებელია. თარჯიმანმა ხშირად არ იცის, როგორი გრაფიკი ექნება მომდევნო კვირების განმავლობაში და ბევრისთვის ეს დამღლელია. გარდა ამისა, მუდმივად იცვლება ღონისძიების თემები და ახალ ტერმინებთან გიწევს გამკლავება. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მე ეს ყველაფერი იმდენად არ მაწუხებს, თავადაც საკმაოდ აქტიური და „მოუსვენარი“ ადამიანი ვარ, რუტინა და ოფისში ჯდომა არ მიყვარს, ამიტომ, ეს პროფესია მართლა საჩემოა.
გარდა ამისა, არის სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა უკიდურესი დაღლა. სინქრონული თარგმანის დროს ადამიანის გონება ძალიან დიდი წნეხის ქვეშაა, რადგან ერთდროულად ისმენ, იაზრებ, თარგმნი, საუბრობ და თან ცდილობ, მეგობრული და ღიმილიანი იყო. თანმიმდევრული თარგმანის დროს (ანუ როდესაც გამომსვლელი და თარჯიმანი მორიგეობით საუბრობენ) ჩანიშვნაც გიწევს, ამიტომ, მართლა მრავალმხრივად რთულია, მაგრამ ამის დაბალანსება შეიძლება დასვენებით და წყვილში, ანუ ტანდემში მუშაობით. ხანგრძლივ თარგმანებზე ჩემს მუდმივ მეწყვილესთან, ქეთი თვალავაძესთან ერთად ვმუშაობ. ასე პროცესი ნაკლებად დამღლელი და ბევრად უფრო სახალისოა.
არის კიდევ ისეთი სირთულეები, როგორებიცაა მოულოდნელი ტექნიკური გაუმართაობა, გეგმების უეცარი ცვლილება და ასე შემდეგ, მაგრამ გამოცდილი თარჯიმანი ამ ყველაფერთან გამკლავებას მარტივად ახერხებს, რა თქმა უნდა, რამდენადაც ამის საშუალებას გარემო პირობები იძლევა. თუ თარჯიმნის კაბინაში ხმა არ შემოდის, უბრალოდ ვერ თარგმნი, მაგრამ შეგიძლია, ამ დროს დამკვეთს თანმიმდევრული ან ჩურჩულით თარგმანი შესთავაზო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ თარჯიმანმა დამკვეთის სიტუაცია ყოველთვის გაითვალისწინოს და მაქსიმალურად შეუქმნას მას კომფორტი. რა თქმა უნდა, თუ დამკვეთიც იმავეთი გვპასუხობს, თარჯიმნები ამას ძალიან ვაფასებთ.
როგორ შეაფასებთ – რა არის ყველაზე “მიმზიდველი” თქვენს პროფესიაში?
როგორც ვთქვი, მოწყენა ამ სფეროში თითქმის შეუძლებელია. მუდმივად რაღაც ახალს იგებ, „კულისებს მიღმა“ იხედები და თვალსაწიერიც უსასრულოდ ფართოვდება. ჩვენს პროფესიაში დამკვეთის კონფიდენციალურობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად საინტერესო დეტალებს ვერავის უზიარებ, მაგრამ „აქედან ვერ ამოშლი“. გარდა ამისა, ზეპირსიტყვიერი თარგმანი საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და მოგზაურობაც ხშირად გიწევს. მოკლედ, მე თუ მკითხავთ, საოცნებო კარიერაა.
ამ სფეროში კონკურენციას როგორ შეაფასებთ?
ბევრ კარგ თარჯიმანს ვიცნობ, თუმცა, შეხვედრების რაოდენობაც იმატებს. თუ მაღალი ხარისხის მომსახურება გაქვს და საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციასაც გაავრცელებ, საქმე ნამდვილად გექნება.
კიდევ რით ხართ დაკავებული ყოველდღიურად?
ბევრი ინტერესი მაქვს და ეს ერთგვარი „წყევლაცაა“. რომ შემეძლოს – ყველაფერს ერთად გავაკეთებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია და ხანდახან უბრალოდ სახლში ყოფნა და განტვირთვაც აუცილებელია. მიყვარს ლიტერატურა, წერა, კინემატოგრაფია… დროდადრო სხვადასხვა ტრენინგს ვესწრები და თვითგანვითარებაზე ვზრუნავ. ასევე, მიყვარს მოგზაურობა, სეირნობა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, სამაგიდე თამაშები და ა.შ.
ამჟამად, აქტიურად ვარ ჩართული პროექტში „კუბი კონტექსტში“. უამრავი საინტერესო რამ ხდება ხელოვნების დარგში და მოხალისეობრივად ვაქტიურობ, ხან ხელოვნების ფესტივალია და ხანაც „კარიტასის“ ბავშვთა ცენტრს ვსტუმრობთ.
ასევე, ვცდილობ, ცოდნა სხვა ადამიანებსაც გადავცეთ და მე და ჩემმა მეწყვილემ, ქეთი თვალავაძემ ონლაინკურსი მოვამზადეთ. ამ 24, წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-გაკვეთილის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც რომელიმე უცხო ენას B2 დონეზე ფლობს. ვგეგმავთ ელექტრონული წიგნის გამოცემასაც მათთვის, ვისთვისაც ამ სფეროსთან გაცნობა წერილობითი ფორმით უფრო საინტერესოა.
ზოგადად, მგონია, რომ ადამიანმა ცხოვრებაში ბევრი რამ უნდა სცადოს და თუ ბევრი არაფერი გამოვა, ახალ გამოცდილებასა და მეგობრებს მაინც შეიძენს, ასე რომ, ერთ ადგილას ვცდილობ, არასდროს გავჩერდე და მუდმივად სიახლეები შემოვიტანო ჩემს ცხოვრებასა და საქმიანობაში.