15 თებერვალს მახინჯაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალის, ნანო ცხადაიას სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანო ლიანდაგზე გადადიოდა, როცა მას მატარებელი დაეჯახა და სამწუხაროდ ადგილზე დაიღუპა. ამ სულისშემძვრელ ფაქტს მისი ქალიშვილი და კიდევ ერთი თანამშრომელი გოგონა შეესწრო.
ის მშობლიურ ქალაქში, სენაკში უკვე გადაასვენეს. ნანო ცხადაია სამი შვილის დედა იყო. პროფესიით იურისტი წლების მანძილზე ადვოკატად მუშაობდა.
ნანო “სფერო ჰოლდინგში” მუშაობდა მთავარ იურისტად, თუმცა პარალელურად მას ჰქონდა თავისი საადვოკატო ფირმა და ბათუმში საქმიან შეხვედრაზე იყო ჩასული.
ნანოს მეგობარი “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი გიგა წულეისკირი გვესაუბრა მასზე:
– ნანო ჩემი მეგობარია, ერთი ქალაქიდან ვართ, სენაკიდან, ერთი ასაკის, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი ოჯახებიც ახლობლობდნენ. ნანოს მამა ადრე გარდაეცვალა, არაჩვეულებრივი დედა ჰყავს, მირანდა, სენაკის ერთ- ერთ სკოლაში მუშაობს, ფილოლოგია. ნანო ძალიან განათლებული, სამართლიანი და კეთილშობილი ადამიანი იყო. 40 წლის არის. სამი შვილის დედა. ბევრი წელი ამერიკის საელჩოში მუშაობდა, იქიდან იყო დამკვირვებელი პროკურატურის და სასამართლო სისტემის. კვალიფიციური იურისტი იყო. მას შემდეგ რაც შევქმენი მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება, ნანო გადმოვიდა ჩემთან სამუშაოდ და ბევრი წელია მოვდივართ ერთად. შეიქმნა ძლიერი იურისტთა გუნდი და ნანო იყო მთავარი იურისტი. ასე დავიწყეთ ამ ცუდ პრაქტიკასთან ბრძოლა, რასაც მევახშეობა ჰქვია. ძალიან რთული საქმე იყო, ფაქტობრივად რევოლუცია მოვახდინეთ მე და ნანომ რომ მევახშეებში დაუსჯელობის სინდრომი დავამარცხეთ და უძრავი ქონების წართმევას ასე აქტიურად ვეღარ ბედავენ მევახშეები ეს გარკვეულწილად ნანოს დამსახურებაა. ყოველთვის გულთან მიჰქონდა სხვისი გასაჭირი და მაქსიმუმს აკეთებდა.
– იმ დღეს რა მოხდა?
– ნანოს პარალელურად თავისი საადვოკატო ფირმაც ჰქონდა, იღებდა საქმეებს და გამოდიოდა პროცესებზე. ბათუმში შეხვედრაზე იყო წასული, იქიდან ბრუნდებოდა ტაქსით, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. ნანოსთან ერთად იყო მისი უფროსი ქალიშვილი, რომელიც ასევე მასთან მუშაობდა და კიდევ ერთი იურისტი გოგონა. კარგი ამინდი იყო, ტაქსით რომ მოდიოდნენ მახინჯაურის ხიდის ქვეშ რომ გავდივართ იქ ძალიან ლამაზი ხედებია და უთქვამს აქ სურათები გადავიღოთო.
იქ მოინდომა სურათების გადაღება. ადრეც აქვს იქ ფოტოები გადაღებული. ჩასასვლელია ქვემოთ და ტაქსის მძღოლისთვის უთხოვია, თუ შეიძლება დაგველოდე, ჩვენ ჩავალთ, სურათებს გადავიღებთ და მალე დავბრუნდებითო. ტაქსი უნდა დალოდებოდა, სამივენი ჩავიდნენ ერთად ტაქსიდან, მიყვებოდა თავისი შვილი და კიდევ ერთი იურისტი ნინი, ცოტა მანძილი რომ გაიარეს გოგონებს უფიქრიათ ტაქსის მძღოლი არ წავიდესო და გზიდან უკან მიბრუნებულან რომ ჩანთა აეღოთ მანქანიდან. ჩანთის ასაღებად ორნი დაბრუნდნენ და ნანომ გზა გააგრძელა, ლიანდაგზე მარტო რომ გადადიოდა ამ დროს დაეჯახა მას მატარებელი.
გამოძიებაც დაწყებულია ამ საქმეზე, როგორც ჩანს, გადამეტებული სიჩქარით მოდიოდა მატარებელი, დროულად დასიგნალებაც რატომღაც ვერ მოასწრო მძღოლმა, დაგვიანებული რეაქცია ჰქონდა მემანქანეს ეტყობა და ეს ტრაგედია დატრიალდა. ახლა გამოძიება დაწყებულია და ვნახოთ რა გაირკვევა, უნდა გაირკვეს ხომ არ იყო გადამეტებული სიჩქარე. ტრაგედიის ადგილი არის მახინჯაურის მატარებლის სადგურიდან რომ მიდის ლიანდაგი ბათუმის მიმართულებით, სანამ გვირაბში შევა მატარებელი ხიდზე გადადის, ქვემოთ მანქანები დადიან და იმ ლიანდაგზე უნდა გადახვიდე, რომ აღმოჩნდე ზღვის სანაპიროზე.
ზაფხულში როცა ზღვაზე მიდიან დამსვენებლები ამ ლიანდაგზე გადადიან ხოლმე. ადგილზე გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ფაქტის თვითმხილველი გახდა მისი ქალიშვილი და მეორე გოგონა, რომელზეც შვილივით ზრუნავდა ხოლმე. ამ გოგონებმა აიღეს ტაქსიდან ჩანთა და უკან მიბრუნდნენ, ნანოსკენ მიდიოდნენ, ამათმა დაინახეს მატარებელი და დაუძახეს ნანოს, რომელიც გადადიოდა ლიანდაგზე, როგორც გოგონები ამბობენ, ამათკენ შემოუხედია მას, მერე მატარებლისკენ რომ გაიხედა, უკვე დაგვიანდა და დაეჯახა. ვეღარ მოასწრო გადასვლა.
შვილმა უყურა ამ საშინელებას და ორივე გოგო ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. უფროსი გოგო მასთან მუშაობდა იურისტად. ნანო 40 წლის არის, სამი შვილის დედაა, ორი პატარა ჰყავს, ჯერ სკოლაში დადიან. ნანო ძალიან განათლებული, სამართლიანი და კეთილშობილი ადამიანი იყო. თავისი კერძო კომპანია ჰქონდა იურიდიული და ამ შეხვედრაზე იყო წასული, პერიოდულად ჩადიოდა და ემსახურებოდა კლიენტებს. კერძო დავებზეც მუშაობდა. ძალიან გვატკინა გული. მის გოგონას ჩვენთან დავასაქმებთ. ცხედარი სენაკშია დასვენებული. მის სახლში. ძალიან კარგი დედა ჰყავს, უკეთილშობილესი ადამიანი და ვუსამძიმრებ მას და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ასე ძვირფასი იყო ნანო. სურათის გადასაღებად ვერც მივიდა, ლიანდაგზე უნდა გადასულიყო და მაშინ დაეჯახა მატარებელი. წამებში მოხდა ყველაფერი”, – ამობობს ნანოს მეგობარი “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი გიგა წულეისკირი.