უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს, არ დაუშვას რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით , აღნიშნული მიმართვა ქვეყნის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელსაც მხარი 318-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მიმართვა 10 პუნქტისგან შედგება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ნებისმიერი სამხედრო ჩარევა მის შიდა საქმეებში, დაუშვებელია. დოკუმენტის თანახმად, ყირიმი არის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია, მასზე ვრცელდება უკრაინის კონსტიტუცია და კანონები. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების, ტექნიკისა და შეიარაღების ნებისმიერი გადაადგილება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.
დეპუტატები მიმართავენ ვლადიმერ პუტინს, არ დაუშვას უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების შეყვანა. მიმართვის თანახმად, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით, ძალის გამოუყენებლად, საერთაშორისო შუამავლობით ეუთოს, გაეროს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, დსთ-ს და ბუდაპეშტის მემორანდუმის წევრი ქვეყნების შუამავლობით.
02.03.14














