ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ბრიტანელ კოლეგა უილიამ ჰეიგისთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო.
“ბრიტანეთი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. ამავე დროს, საქართველოს და დიდ ბრიტანეთს მრავალწლიანი მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. დღეისთვის ჩვენი ქვეყნები ინტენსიურად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვა, მართლმსაჯულება, ვაჭრობა და ეკონომიკა, განათლება, კულტურა და სხვა. აქტიურია ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც. ამგვარი რეალობა კი გვაძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს მთელი რიგი პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებით. დღეს შევთანხმდით ჩვენს სამინისტროებს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის განახლებაზე, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის და მისი გაღრმავების საკითხებს. განსაკუთრებით დასაფასებელია გაერთიანებული სამეფოს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მადლობელი ვართ, ბრიტანეთის მონაწილეობის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამუდმებული პროვოკაციების პირობებში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროკავშირთან ურთიერთობებს და ნატო-ში ინტეგრაციას.
“ჩემს ბრიტანელ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, არაუგვიანეს ივნისისა ხელი მოვაწეროთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მთავარ გეგმას და შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს ამ გეგმის განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯები”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.
08.05.14











