25 დეკემბერს გერმანიაში, მაგდებურგის თეატრში გაიმართა „სევილიელი დალაქის“ რიგით მეთექვსმეტე სპექტაკლი, სადაც ქართველმა ბარიტონმა გოჩა აბულაძემ წარმატებით შეასრულა ფიგაროს პარტია.
„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე გახლავთ, რადგან საქართველოდან ჩამოვიდა ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და ვარ ძალიან ბედნიერი, სწორედ ეს მაძლევს ძალიან დიდ ძალას, რომ წარვსდგე მაყურებლის წინაშე წარმატებით. თხუთმეტი სპექტაკლი საკმაოდ დიდი წარმატებით ვითამაშეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეთექვსმეტე კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდება. მე გახლავართ ფიგარო და დღეს ორმაგი პასუხისმგებლობით უნდა ვიმღერო რადგან დარბაზში განსაკუთრებული მსმენელი მყავს“ – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ქართველმა ბარიტონმა გოჩა აბულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, უკვე დაწყებულია რეპეტიციები მომდევნო პრემიერისთვის, რომელიც 22 იანვარს გაიმართება.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ უკვე დაგვეწყო რეპეტიციები მომდევნო პრემიერისთვის – ჯაკომო პუჩინის ბოჰემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ საოპერო ისტორიაში. მე ვმღერი წამყვან პარტიას მარჩელოს, პრემიერა იმართება 22 იანვარს. გვაქვს ყოველდღიურად 8-9 საათიანი რეპეტიციები და ვეცდებით, რომ აღნიშნული სპექტაკლი კიდევ უფრო მეტად წარმატებული აღმოჩნდეს,“ – აღნიშნავს ქართველი ბარიტონი.
30.12.14