„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე კარგი ამბები არ გვაქვს, თუმცა ჯერ კიდევ რჩება იმედი, – ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 14-საათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ. „სამწუხაროდ, ჯერჯერობით კარგი ამბები არ არის“, – განაცხადა პოროშენკომ და დასძინა „მაგრამ იმედი ყოველთვის არსებობს“.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებებზე რუსულ მხარეს მიუღებელი პირობები ჰქონდა. მას არ დაუკონკრეტებია თუ რაში მდგომარეობდა ეს „მიუღებელი პირობები“. „ჩვენ მოლაპარაკებებს უწყვეტ რეჟიმში ვაწარმოებთ. როგორც ხედავთ სიტუაცია ძალიან მძიმეა, ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ძალიან გვეხმარებიან, მაგრამ სიტუაცია მაინც მძიმეა“, – განაცხადა უკრაინის მეთაურმა.
მან დასძინა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე რუსეთთნ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ მინსკის მოლაპარაკებები 14 საათის შემდეგ დღეს დილით დასრულდა მხარეებმა დოკუმენტი შეათანხმებს და განსახილველად საკონტაქტო ჯგუფს გადასცეს, რომელიც შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებს.











