აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ, სენატმა, ეშტონ კარტერი თავდაცვის მდივნის(მინისტრის) პოსტზე თითქმის ერთხმად დაამტკიცა. ეშტონის კანდიდატურას 100 სენატორიდან 93-მა დაუჭირა მხარი.
ბარაკ ობამა, რომელმაც ეშტონის კანდიდატურა კონგრესს დეკემბერში წარუდგინა, სენატის გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, კარტერის მრავალწლიანი გამოცდილება ხელს შეუწყობს ტერორიზმთან ბრძოლის ფონზე სამხედრო ძლიერების შენარჩუნებას, აშშ-ის სამხედრო ალიანსების მოდერნიზებას და გრძელვადიანი საფრთხეების წინააღმდეგ ახალ შესაძლებლობებში ინვესტირებას.
60 წლის კარტერი უკრიანისათვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების მომხრეა. როგორც კარტერმა კონგრესში გამართულ მოსმენებზე განაცხადა „უკრანელებს საკუთარი თავის დაცვაში უნდა დავეხმაროთ“. მან ხაგასმულად აღნიშნა, რომ ლეტალურ სამხედრო აღჭურვილობას ანუ საბრძოლო შეიარაღებას გულისხმობს.
ამავე დროს, კარტერის ცენტრალური ამოცანა ტერორისტული მოძრაობის „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხება იქნება.