ვითარება ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულია, უკრაინაში კი ისევ კრიზისია, ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, არის თუ არა საქართველოსთვის ისლამური დაჯგუფებები რეალური საფრთხე და ემუქრება თუ არა აფხაზეთს ვაჰაბიზმის საფრთხე. ამ და სხვა საკითხებზე ”თბილისი თაიმსს” ანალიტიკოსი ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ესაუბრა.
უკრაინაში ფრონტის პირველ ხაზზე ქართველები იბრძვიან, მათი თქმით ეს სხვისი ომი არ არის და უკრაინის საზღვრებთან საქართველოს ინტერესებსაც იცავენ. თქვენ როგორ აფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავდადებას სხვა ქვეყნის ომში, რამდენად დგას საქართველოს ინტერესები უკრაინის ფრონტის ხაზზე?
– ჩემთვის, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქისთვის, რომელსაც აფხაზეთის ომი უნახავს, ქართველი ჯარისკაცების ბრძოლა უკრიანაში ერთგვარად გამართლებულია იმის გამო, რომ აფხაზეთის ომში უკრაინელები (დაჯგუფება უნა უნსო) ქართული მიწისთვის იბრძოდნენ, რამდენიმე მათგანი ვახტანგ გორგასლის ორდენითაცაა დაჯილდოვებული, იყვნენ გარდაცვლილებიც. თუმცა მინდა გითხრათ, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მეორე ნაწილი აფხაზეთის მხარესაც იბრძოდა. სხვა მხრივ ჩემთვის მიუღებელი იქნებოდა უცხო მიწაზე ქართული სისხლის დაღვრა, მაშინ როცა საომარი შინაც ბევრი გვაქვს.
რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც კოლექტიურ თავდაცვასა და რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს შორის ერთობლივი სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას გულისხმობს, არის თუ არა ეს ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ გადაფორმებისკენ გადადგმული ნაბიჯი და როგორ შეძლება აისახოს ეს დოკუმენტი გალში მცხოვრებ ქართველებზე?
– როგორც კი თავის დროზე ამ ხელშეკრულების შესახებ გავიგე იმ წუთში ის ვიფიქრე, რომ ჩვენ არა ერთი და ორი, არამედ ოცი ნაბიჯით უკან ჩამოვრჩით იმ ოცნებას, რომელსაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია, ვფიქრობ ამის აღქმა ჩემი თაობის ადამიანებისთვის უფრო ძნელია რადგან მიუხედავად დიდი სურვილისა და თავგანწირვისა აფხაზეთის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და ის დავკარგეთ. რა თქმა უნდა, გალის რაიონის ქართულ მოსახლეობისთვის ეს დამატებით რისკებს შექმნის,თუმცა ვფიქრობ ამჯერად მაინც ეყოფა აფხაზურ ხელისფულებას ჭკუა-გონება და გალში ქართული მოსახლეობის დევნას არ დაიწყებს.
რამდენად არის საქართველოში ეთნოსეპარატისტული ტერორიზმის საფრთხე?
– არ მგონია რომ ეს საფრთხე გამოკვეთილი იყოს, აფხაზეთში კრიმინალური ტერორიზმის აღზევება მიდის და ეს იქ ადგილობრივ კრიმინალურ სამყაროში გავლენის სფეროების განაწილებას უკავშირდება.
რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათის მკვიდრი რამდენიმე ადამიანი ლენინის ბიუსტის ფონზე რუსეთის დროშას აფრიალებდა და თან ”ვალოდიას” შველას სთხოვდა. როგორც შემდეგ ამ ადამიანებმა განმარტეს, ისინი უბრალოდ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ საკუთრი მიწების დასაცავად. თქვენ როგორ აფასებთ კირნათელების ამ გადაწყვეტილებას? თქვენი აზრით, ქართული მიწის დასაცავად რუსული დროშის აფრიალება და ამით თუნდაც ყურადღების მიქცევა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის რაიმე მაპროვოცირებელი ქმედების მიზეზი ხომ არ შეიძლება გახდეს?
– თუ ეს არის მხოლოდ მიზეზი და მათ უბრალოდ სხვა ფორმა ვერ ნახეს, თუ მათ ეს გააკეთეს მხოლოდ იძულებით, ყურადღების მისაქცევად, რათა საკუთარი მიწები თურქეთისგან დაეცვათ, მაშინ მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუმცაღა ამ ფორმამ ბევრი კითხვა გააჩინა და პროტესტიც გამოიწვია, ძალიან ცუდია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქე საკაუთარი მიწის დასაცავად უცხო ქვეყნის დროშას იშველიებს, რადგან მას სახელმწიფოს იმედი არა აქვს. რუსეთის სპეცსამსახურები ყოველთვის წარმატებით მუშაობდნენ საქართველოში, გახსოვთ ადრე ახმეტის რაიონში იყო ერთერთი სახლის თავზე რუსული დროშა იყო აღმართული. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ მოქალაქე, განსაკუთრებით კახეთის რეგიონიდან მუშაობს რუსეთში, მათთვის რუსეთი მტერი არ არის,, რადგან ისინი იქ ნაშოვნი ფულით ინახავენ ოჯახებს, მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის ომში ხალხმა ვერ აღიქვა რუსეთი მტრად, მათ ეგონათ, რომ რუსეთის რაღაც ნაწილი გვებრძვის, მხოლოდ რუსი გენერლები არიან ჩვენი მტრები დანარჩენი ნაწილი კი კარგია.
თამაზი, იგივე აჰმედი, რომელმაც საქართველოს საღვთო ომი გამოუცხადა. როგორც ის ამბობს, სირიაში, ხალიფატის არმიაში 200-მდე საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც არ აპატიებენ ეკლესიასა და პოლიტიკოსებს აჭარლებისა და პანკისელების ძალით გაქრისტიანებას. როგორ ფიქრობთ, აჰმედი და ის 200-მდე საქართველოს მოქალაქე, არის თუ არა საქართველოსთვის რეალური საფრთხე? რამდენად მოსალოდნელია საღვთო ომის განხორციელება საქართველოში?
– თავიდანვე გეტყვით, რომ ამ ვინმე ჭიღლაძის ვიდეო მიმართვები არაფერია, თუ არა პოპულიზმი და მას საერთო არაფერი აქვს ნამდვილ მუქარასთან. ძალიან ბევრმა არ იცის თუ რა არის „ისლამური საახელმწიფო,“ ეს სხვა არაფერია თუ არა პანარაბიზმის პროექტი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არაბული ქვეყნები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის კოლონიური რეჟიმის ქვეშ იყვნენ ცდილობდნენ გაერთიანებას და არაბული ხალიფატის შექმნას,არაბეთმა ეგვიპტემ და სირიამ მოახერხეს კიდეც, გასული საუკუნის ოციან წლებში ხალიფატის შექმნა, თუმცა სულ რაღაც 35 წელი იარსება და შემდეგ დაიშალა. „ისლამური სახელმწიფო“ თავიდან იყო ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ერაყის ტეროტორიაზე მოქმედებდა, მის სათავეებში კი ძირითადად სადამ ჰუსეინის არმიის ყოფილი სარდლები იდგნენ. როდესაც სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ომი დაიწყო, იმის გამო, რომ ხალხი სირიაში არ გაქცეულიყო, მათ სირიის ტერიტორიაზე შექმნეს ბატალიონი, რომელიც შედგებოდა სირიელებისგან და არასირიელებისგან, სწორედ აქ გამოჩნდნენ პირველად ქართველი მოხალისეები, ბატალიონის ხელმძღვანელი იყო მემედ ჯულანი. თარხან ბათირაშვილი თავიდან სწორედ ამ ჯუნალნთან მოხვდა. შემდეგ ამ ბატალიონს გამოეყო თარხან ბათირაშვილი და შექმნა საკუთარი ბატალიონი, „ჯეიშ ალ მუხაჯირინ ვალ ანსარი“, რომელიც ძირითადად ჩრდილოკავკასიელებისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ „ქართველებიც“ და ყველა „ქართველი“, რომელიც სირიის ომის დროს გახდა ცნობილი სწორედ ამ ბატალიონში იბრძოდა. ერთადერთი ქართველი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ იბრძოდა იყო თარხან ბათირაშვილი, ის ცდილობდა თავისი ბატალიონი გადაეყვანა ახალ გამოცხადებული ხალიფატის მებრძოლთა რიგებში, თუმცა ბატალიონმა უარი თქვა და თარხანს მოუწია ძველი თანამებრძოლების გარეშე წასვლ . ისე უნდა ითქვას, რომ ბათირაშვილი იყო ერთადერთი მეთაური, რომელიც უარს არ ამბობდა ახალგაზრდა ქისტი მეომრების მიღებაზე. ანუ გამოდის, რომ თუ თარხან ბათირაშვილი ცოცხალი არ არის, მაშინ არც ერთი „ქართველი“ საველე მეთაური ამჟამად ისლამური დროშის ქვეშ აღარ იბრძვის, მართალია პანკისის ხეობიდან წასული ქისტი საველე მეთაურები იბრძვიან სირიაში მაგრამ ისინი ასადის რეჟიმის წინააღდეგ იბრძვიან რაც ფაქტობრივად რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“ ეხლა იქ, გამოჩნდა ახმედ ჩატაევი,“ცალხელა ახმადი“, რომელიც საზოგადოებისთვის ლაფანყურის მოვლენების დროს გახდა ცნობილი, რამდენადაც ვიცი, ის არის მოკავშირე „ისლამურ სახელმწიფოსა“ და საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელს შორის. ის ფაქტი, რომ ისლამურ სახელმწიფოს წარმომადგენელი ჰყავს საქართველოში კარგის ნიშანი არ არის, ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში სისასტიკით განთქმულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს რბილად რომ ვთქვათ ძალიან აზარალებს. თუ არაბულ მედია საშუალებებს დავუჯერებთ სწორედ ახმედ ჩატაევი ეწევა ქისტი ახალგაზრდების რეკრუტირებას სირიაში.
ხშირ შემთხვევაში ქისტი ახალგაზრდები, 20-21 წლის ბიჭები, სახლში ამბობენ, რომ მიდიან ახლოს მდებარე ქალაქში ან თურქეთში სამუშაოდ და გადადიან სირიაში საომრად, მათი უმრავლესობა უკან ვერც ბრუნდება მათი ჩამოსვენებაც კი არ ხდება, პანკისის ხეობაში ძალიან ბევრ მშობელს შვილის საფლავიც კი არა აქვს, რადგანაც, ისლამური ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილი იმავე დღესვე უნდა დაიკრძალოს.
საუბარია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც თავის დროზე პირველი არაბული ხალიფატი შეიქმნა, უნდა აღდგეს ანალოგიური ტიპის –ისლამური თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შარიათულ სამართალზე აღმოცენდება. ვაჰაბისტური დაჯგუფება აზერბაიჯანშიც გააქტიურდა, იგივე ძალა მომძლავრდა პანკისშიც. საუბარია იმაზეც, რომ ვაჰაბისტები აფხაზეთშიც ბრუნდებიან. თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში აქაური ისლამისტების გააქტიურება და რას მოუტანს ყოველივე ეს ქვეყანას? თქვენი აზრით, რამდენად არის მზად სახელწიფოს უსაფრთოების სამსახურები მოქალაქეების დასაცავად?
– ეს ტერიტორია მოიცავს ერაყს და ლევანტს, (ეს არის სირია, პალესტინა , ლიბანი.) მინდა გითხრათ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ საკმაოდ გამოცდილი ხალხი მართავს, მათ აქვთ უზარმაზარი შემოსავლები, ფლობენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. გარდა ამისა ისინი საკმაოდ წარმატებულად ვაჭრობენ ამ ნავთობპროდუქტებით, რითაც თურქეთი კარგად ხეირობს, რადგან თითქმის ნახევარ ფასში იძენს ამ პროდუქტს. მინდა გითხრათ, რომ კობანის უშედეგო იერიშების შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ აქცენტს არა საომარ მოქმედებებზე, არამედ კამერების წინ მშვიდობიანი მოსახლეობის და ასურელი ქრისტიანების დასჯაზე აკეთებს. ბოლო დროს ერაყული არმიის ნაწილებიც გააქტიურდნენ და ცდილობენ „ისლამურის სახელმწიფოს“ მიერ აღებული ქალაქების მაგ. ტიგრიტის (სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი) გათავისუფლებას.. აფხაზეთში კარგა ხანია არიან ვაჰაბისტები, თავის დროზე, ძალიან ბევრი ჩეჩენი ცხოვრობდა აფხაზეთში, აქედან გამომდინარე იქ მცხოვრებ მუსლიმებში საკმაოდ მოიკიდა ფეხი ვაჰაბიზმა. მინდა გითრათ, რომ ვაჰაბისტები არიან რუსეთშიც, განსაკუთრებით ვოლგისპირეთში. აზერბაიჯანი და თურქეთი დევნის ვაჰაბისტებს.
ვაჰაბიზმი არის სამასწლოვანი რელიგიური სწავლება, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია ”ურჟულოს”, ანუ არამუსლიმანის, ტეროტორიების დაპყრობა. საქართველოში ვაჰაბიზმის მიმდევარი პირველად 1995 წელს პანკისში გამოჩნდა როდესაც მას არავინ ელოდა, ამ ადამიანმა დაიწყო ახალგაზრდების შეთვალიერება და მეჩეთში ქადაგება, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა მაშინდელი მუსლიმანი სულიერი მამების ქადაგებისაგან. ნიჭიერ მაგრამ ხელმოკლე მოზარდებს აგზავნიდა სასწავლებლად ეგვიპტეში, რაც იმ დროს ძალიან კეთილშობილურ საქმედ ითვლებოდა, უნიშნავდა სტიპანდიებს, ეხმარებოდა უფულო ავადმყოფებს რომლებისთვისაც სამედიცინო მომსახურება უფულობის გამო ხელმიუწვდომელი იყო, გავიდა წლები და ვაჰაბიზმა პანკისში მყარად მოიკიდა ფეხი, ხშირად შეხვდებით ხეობაში ადამიანებს რომლებიც თვლიან რომ კინო მუსიკა, ზოგადად ხელოვნება და წიგნი ეშმაკის შემქნილია (?!) უხუცესთა საბჭო მიუხედავად იმისა რომ დღესაც არსებობს ხეობაში ის გავლენიანმა ჯამაათმა შეცვალა დ ა.შ.
ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობაზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს რადგან როგორც წესი, მედია მათ მუდამ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებთ წინ, რა თქმა უნდა რისკები სწორად უნდა იყოს შეფასებული და პრევენციული ღონისძიებებიც შესაბამისად უფრო ქმედით უნარიანი უნდა იყოს, თუმცა საბოლოოდ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, სანამ ყველა ჩვენი თვალით არ ვნახავთ.
ესაუბრა
ნინა პირტახია