BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხუბეის პროვინციაში, მდინარე იანძზე სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაკარგულია. გავრცელებული ცნობით, ბორტზე სულ 450 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა 50-დან 80 წლამდე ასაკის ტურისტები არიან, რომლებიც ჩინური ტურისტული კომპანიის ორგანიზებით მოგზაურობდნენ. ადგილზე მაშველები მუშაობენ, ისინი გემის ბორტზე დარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. თუმცა, სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი და წვიმა აფერხებს. გავრცელებული ცნობით, გემის ეკიპაჟს დახმარების თხოვნის შეტყობინება არ გაუგზავნია. ამ დროისთვის მაშველებმა მხოლოდ 12 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის არის გემის კაპიტანი და მთავარი ინჟინერიც. ორივე მათგანი დაკავებულია.