“ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი იმის თაობაზე, რომ საქართველო შარშან შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. “ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს. როგორც ჩანს, რუსეთის მხარე, რუსეთის უწყებების ინფორმაციით, შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა,” – აღნიშნავს აბაშიძე.