საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც “თბილისი თაიმსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს , უწყება ეხმაურება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, “რომელიც უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული”.
“სამწუხაროა, რომ წილკნის ახლად გახსნილ საჯარო სკოლაში პრემიერის ვიზიტისას, რამდენიმე ინტერნეტგამოცემამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ფრაზას. პრემიერთან საუბარში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ განსაკუთრებით ხელმოკლე ოჯახებისთვის უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება უმნიშვნელოვანესია, რადგან სახელმძღვანელოების შეძენა არცთუ მცირე თანხებს უკავშირდება. შესაბამისად, მან პრემიერს განუმარტა, რომ მართალია, სახელმძღვანელოების ნაწილი ახალი, ნაწილი კი, მაღალი ქულებითა არის შეფასებული, მაგრამ მთავარი ბავშვების წიგნებით უზრუნველყოფაა”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ მსგავს თემებს, რადგან მოსწავლეებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მეტად სენსიტიურია.










