დღეს, ესტონეთში, ქ. ტალინში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-13 ტრადიციული სემინარი გახსნა. ღონისძიება ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებით იმართება.
სემინარზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან, ევროინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილება.
სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესსა და შედეგებზე ისაუბრა. დავით ბაქრაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ხაზი გაუსვა ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების მნიშვნელობას.