ოქტომბრის ბოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართელობის ინიციატივით, აქციების სერია 20 ოქტომბერს დაიწყო და საკმაოდ უკიდურეს ფორმაში – შიმშილობაში გადაიზარდა.
აქციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუდენტებისგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკში“ მოთხოვნების სია გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი თსუ-ის ხელმძღვანელობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან შემდეგი საკითხების მოგვარებას მოითხოვდნენ: დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის მოხსნა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სტუდენტებისათვის მეთერთმეტე დამატებითი სემესტრიდან სრული გადასახადის მაგივრად კრედიტების გადასახადის დაწესება; არა მარტო რექტორის, არამედ ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია, ახალ ადმინისტრაციასთან ერთად არსებული ბიუჯეტის გადახედვა; ლიტერატურის თარგმნა და ინგლისური ენის სერიოზულ დონეზე სწავლების დაწყება, ტენდერებისა და სხვა პროცედურების გამჭვირვალობა და ა.შ.
აქციის წინა დღეს სტუდენტები თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორ – ვლადიმერ პაპავას შეხვდნენ, სადაც ამ საკითხებზე ესაუბრნენ, თუმცა დიალოგის რეჟიმი დიდხანს არ გაგრძელებულა და თვითმმართველობის წევრებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
შემდეგ დღეს აქციაზე შეკრებილი სტუდენტების უმთავრეს მოთხოვნას რექტორის გადადგომა წარმოადგენდა. სტუდენტები ვლადიმერ პაპავას გადადგომისთვის რამდენიმე საათს აძლევდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშლობის აქციის დაწყებით იმუქრებოდნენ.
ამის საპასუხოდ, ვლადიმერ პაპავამ თვითმმართველობის წევრებს შეხვედრა შესათავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. რექტორმა ამის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იგი სტუდენტების მიერ წარმოდგენილ 14-ივე პუნქტს გაეცნო და მათ შესთავაზა, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ეთანამშრომლათ.
,,დარღვევეის აღმოსაჩენად სპეციალური ორგანოები არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ მოვიდნენ და შეისწავლონ არსებული სიტუაცია. ჩემი გადადგომის საკითხი საერთოდ არ განიხილება. მე პასუხისმგებლობა მაქვს, არა როგორც ლადო პაპავას, არამედ, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელს. ვაცნობიერებ, თუ რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ჩემი გადადგომის შემთხვევაში. კანონი ითვალისწინებს, რომ რექტორი თუ გადადგა, მოვალეობის შემსრულებელი მთელმა უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს. ეს ერთი თვე მაინც გაგრძელდება, რაც უნივერსიტეტის პარალიზებას გამოიწვევს,” – ასეთი იყო აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას კომენტარი მისი გადადგომის მოთხოვნის მსურველ სტუდენტთა საპასუხოდ.
ვლადიმერ პაპავა თსუ-ის რექტორი 2013 წლიდანაა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა რექტორმა – ალექსანდრე კვიტაშვილმა აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
სტუდენტების თქმით, ამ დროიდან მოყოლებული, ისინი მას სხვადასხვა პრობლემაზე არაერთხელ ესაუბრნენ, თუმცა რექტორის მხრიდან შეპირებების მეტი არაფერი ყოფილა. შესაბამისად, სწორედ ამიტომ მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმებს.
21 ოქტომბერს, საღამოს 10 საათზე, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები თსუ-ის რექტორატის წინ, დერეფანში შეიკრიბნენ და შიმშილობა დაიწყეს.
ამის პარალელურად, აკადემიური საბჭოს კაბინეტში უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელები, დეკანები, აკადემიური საბჭოს წევრები და თავად რექტორი შეიკრიბნენ და აქციის მონაწილეებს დიალოგისკენ მოუწოდეს, თუმცა სტუდენტებმა შიმშილი მაინც არ შეწყვიტეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, დავით მაჭავარიანის თქმით, მათ მიმართ პროვოკაციული დამოკიდებულება რამდენიმეჯერ გამოვლინდა. ,,კონკრეტულად, თვალწინ ფურშეტი გაგვიშალეს. რამდენიმე სტუდენტმა, რომლებიც საჭმელს ჭამდნენ, სპეციალურად გაგვიარეს წინ. ასევე, აქტიური პროპაგანდა მიდიოდა ონლაინსივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე საკმაოდ სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა, ამ პროვოკაციებს არ ავყევით,“ – აღნიშნავს იგი.
თვითმმართველობა საკმაოდ რადიკალურ და პრინციპულ პოზიციას იკავებდა და კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა, თუმცა აქცია მხოლოდ 22 საათი გაგრძელდა და მას შემდეგ შეწყდა, რაც უნიევრსიტეტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე ეწვია. იგი სტუდენტურ თვითმმართველობასა და თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შეხვდა. მინისტრმა თვითმმართველობას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც უწყებას პრობლემების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას მიაწვდის.
,,უნივერსიტეტის სივრცესა და ავტონომიაში ამ შემთხვევაში შემოვიჭრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ საკითხების მოგვარებაში დაგეხმაროთ. არ არსებობს რაიმე საკითხი ან პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეიძლება. იმ ჩამონათვალიდან, რაც აქ გაგვაცანით, ბევრის მოგვარება შეიძლება ძალიან სწრაფად,“ – აღნიშნა მან.
,,თბილისი თაიმსი“ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, შალვა საბაურს ესაუბრა:
,,უკვე წელიწადზე მეტია, რაც რექტორთან სხვადასხვა პრობლემის შესახებ ვსაუბრობთ. ის გვეუბებოდა, რომ უნივერსიტეტს ფინანსური რესურსები არ ჰქონდა, მაგალითად, სრული სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის. მაგრამ, საქმე ისაა, რომ სრულიად მარტივი პრობლემებიც ვერ გვარდებოდა. არსებობს ,,ტაქსოპარკის“ უდიდესი პრობლემა. ჩვენ რექტროს თხოვნით მივმართეთ, რომ უნივერსიტეტს მიკროავტობუსები შეეძინა. უკვე მეათე თვე გავიდა მას შემდეგ და არაფერი შეცვლილა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საშინელი ბიუროკრატიაა, ნებისმიერ პრობლემაზე 6-7 კაცთან გიწევს მისვლა.
რექტორის აპარატის სტუდენტურ არჩევნებში ჩარევების შესახებ არაერთ ინფორმაციას ვფლობთ, მაგ.: რექტორის თანაშემწის, გიორგი ბენაშვილის საარჩევნო უბნებზე მისვლისა და კონკრეტული კანდიდატების ლობირების კამპანიის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ ადმინისტრაციული თანამდებობის პირის არჩევნებში ჩარევა სამართალდარღვევაა. არც ამ შემთხვევაში გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები,“ – აცხადებს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი – შალვა საბაური.
მისი თქმით, აქციების სერიის შემდეგ ძვრები შეინიშნება და მაგალითად, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 048-ე აუდიტორია რემონტდება, რომელში არსებული მდგომარეობა სტუდენტების ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია. აგრეთვე, მესამე კორპუსის რემონტიც იწყება, რომელიც მართალია, დაგეგმილი იყო, თუმცა, საბუთების კუთხით პრობლემები არსებობდა. ამას უარყოფენ ადმინისტრაციაში და ამბობენ, რომ თსუ-ის მე-3 კორპუსის რემონტი აქციებამდე ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და მისი მიმდინარეობის არანაირი შემაფერხებელი ბერკეტი არ არსებობდა.
თვითმმართველობის აქციებს სკეპტიკურად უყურეს სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათი თქმით, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც მათ ინტერესებებს აღარ ატარებს და კონკრეტული ჯგუფებისთვის მუშაობს.
თსუ-ის იურიდული ფაკულტეტის სტუდენტსა და სენატის წევრ – ირაკლი კუპრაძეს, თვითმმართველობის პროტესტის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.
,,მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პაპავას, ჩემი აზრით, წარუმატებელი საკადრო პოლიტიკა აქვს და უნივერსიტეტი არაერთ ძირეულ რეფორმას საჭიროებს, იგი ჩემთვის იმ კუთხით არის მისაღები, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი აპოლიტიკურ-აპარტიული ხელმძღვანელია. ის ღია მოთხოვნებით გამოდის ხელისუფლების წინაშე, პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების, საუნივერსიტეტო ქონების დაბრუნების, საუნივერსიტეტო სივრცის დაცვის მოთხოვნით.
წლების განმავლობაში უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი, უხეში გათვლებით, 1 000 000 (1მილიონ) ლარამდე აღწევდა, რასაც სისტემატურად აკრიტიკებდა სტუდენტური საზოგადოება, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს დაფინანსება 300 000 ლარამდე შემცირდა და ეს რესურსები სხვა სფეროებში გადამისამართდა. თავის მხრივ, სტუდენტურ თვითმმართველობას, დაფინანსების შეკვეცასთან ერთად, შეუმცირდა გავლენა და მოქმედების არეალი, რაც ინსტიტუტმა უარყოფითად აღიქვა. პროტესტი საეჭვოდ დაემთხვა უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნების წინარეპერიოდს, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, რექტორის შემდეგ მეორე პერსონაა,“ – აღნიშნა ,,თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ირაკლი კუპრაძე.
ამის პარალელურად, თსუ-ში ახალი გაერთიანება გამოჩნდა – ,,ნეიტრალურ სტუდენტთა დროებით მოძრაობა.“ სხვადასხვა ფაკულტეტის რამდენიმე ათეული ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი უკვე აქტიურად აწარმებს მოლაპარაკებებს არა მარტო სტუდენტურ თვითმმართველობასთან, არამედ ე.წ. ოპიზიციასთან, რომლის სათავეში ლევან ლორთქიფანიძე და ირაკლი კუპრაძე მოიაზრება.
,,ნეიტრალურ სტუდენტთა დროებითი მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის, თორნიკე დავითაშვილის თქმით, ისინი აბსოლუტურად ნეიტრალურები არიან და არცერთ მხარეს არ მიეკუთვნებიან.
,,სტუდენტური თვითმმართველობისადმი ძალიან დიდი უნდობლობა არსებობს. შესაძლოა, სამართლებრივად მართლაც სტუდენტების წარმომადგენლები არიან, მაგრამ არსებული მდგომარეობით, ისინი რომელიმე კონკრეტული ჯგუფების, თავიანთი წევრების ინტერესებს უფრო გამოხატავენ და იცავენ. განვითარებულმა მოვლენებმა გვიბიძგა, რომ მოძრაობა შეგვექმნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში, ლადო პაპავას გადადგომოთ არსებული პრობლემები არანაირად არ მოგვარდება. გარდა ამისა, საუბრებს ე.წ. ოპიზიციასთანაც ვაწარმოებთ, რომელიც, თვითმმართველობასთანაა დაპირისპირებული და ამ ყველაფერს სტუდენტები და მათი ინტერესები ეწირება.“ – აცხადებს თორნიკე დავითაშვილი.
,,ნეიტრალურ სტუდენტთა დროებით გაერთიანების“ წამრომადგენლების თქმით, ისინი უახლოეს მომავალში აუცილებად შეხვდებიან ორივე მხარეს და გაეცნობიან მათ პოზიციებს, თუკი შეხვედრების შემდეგ ვერ მოხდება საერთო საკითხებზე შეჯერება და პროცესი არ დაიძვრება, უფრო ქმედით ნაბიჯებზე გადავლენ, რომელიც აქციებითა თუ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის – შალვა საბაურის თქმით, იგი მიესალმება უნივერსიტეტის სივრცეში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ მოძრაობის არსებობას, თუმცა, იმედოვნებს, რომ სტუდენტები ბანაკებად არ დაიყოფიან და პროცესი არაჯანსაღ კონკურენციაში არ გადაიზრდება.
ამ ეტაპზე, თსუ-ში განვითარებული მოვლენები ჯერ კიდევ რჩება დავის საგნად და ვითარება ამ დრომდე მწვავეა, თუმცა, ასე თუ ისე, კომპრომისი მიღწეულია. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები და ელოდება თუ არა წინ დედაუნივერსიტეტს სტუდენტების კიდევ ერთი აჯანყება?
მოამზადა
ნატალია ჯალაღონიამ















