საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგრადში იმყოფება, სადაც ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი სერბეთის თავმჯდომარეობით გუშინ დელეგაციის ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური მიღებით გაიხსნება.
დღეს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთო-ს სივრცეში განცხადებას გააკეთებს და ყურადღებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.













