მსოფლიოში მშვიდ და მეგობრულ თანაცხოვრებას უმეტესად უზრუნველყოფენ სწორედ იმ პროფესიის ადამიანები, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციები პირველად, 1961 წელს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ არსებულ ვენის კონვენციაში განისაზღვრა. საერთაშორისო სამართალისათვის ცნობილია წარსულში დაწესებული ჩვეული ნორმები, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობის ისეთ აღიარებულ ფუნქციებს ითვალისწინებს, როგორებიცაა მოლაპარაკება, საინფორმაციო მოღვაწეობა და დიპლომატიური დაცვა.
ბევრ სახელმწიფოში ამ ფუნქციებს დამატებული აქვს მეოთხე ფუნქცია – წარმომადგენლობა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკასა და დოქტრინაში იმდენად მყარად დაინერგა, რომ მისი ახსნა ვენის კონვენციაშიც საჭირო გახდა. სწორედ, წარმომადგენლობა ითვლება ძირითად ფუნქციად. ელჩების მიზანი – ეს არის წარმომადგენლობა და ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალური ურთიერთობის ყველა საკითხთან დაკავშირებით თავისი სახელმწიფოს სახელით გამოსვლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სია. სიაში 90 ქვეყანა წარმოდგენილი, აქედან თბილისში 30 მათგანის საელჩოა განთავსებული.
შევეცადე შემეკრიბა საქართველოში აკრედიტებული ელჩების კვალიფიკაციები, მათი განათლება და სამუშაო გამოცდილება. The Tbilisi Times დაუკავშირდა საელჩოებს და ბიოგრაფიული მონაცემები გამოითხოვა. „თბილისი თაიმსს“ ელჩების ბიოგრაფიული მონაცემები მიაწოდა აშშ-ს, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, ირანის, იტალიის, პოლონეთის, ჰოლანდიის, რუმინეთის, შვეიცარიის, თურქეთის, ერაყის, ისრაელის, ლიტვის, საბერძნეთის,საფრანგეთისა და სომხეთის საელჩოებმა. მალტის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, ლატვიის, ესტონეთის, ყაზახეთის, იაპონიის, ჩეხეთის, თურქმენეთის, შვედეთის, ყატარის, ბრაზილიისა და საელჩოებმა ბიოგრაფიული მონცემების გადმოცემისგან თავი შეიკავეს.
ელჩების ბიოგრაფიულ მონაცემებში ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ. მათმა უმრავლესობამ კარგად იცის ინგლისური და ფრანგული ენები, უმეტეს მათგანს დამთავრებული აქვს პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. ერთ-ერთი ელჩი ექვსი შვილის მამაა, ასაკით ყველაზე დიდი კი 69 წლისაა.
გთავაზობთ საქართველოში მყოფი ელჩების პერსონალურ ბიოგრაფიებს:
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი
ელჩის განათლება: იან კელის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი – ნიუვესტერნის უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო ხარისხი – კოლუმბიის უნივერსიტეტში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: იან კელი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. მისი,როგორც ელჩის გამოცდილება 2010-13 წლებში იწყება, იგი ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი იყო.
2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი გახლდათ, ხოლო 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი. 2004-07 წლებში – ნატოში აშშ-ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის თანამდებობა ჰქონდა.
2000-04 წლებში ელჩი კელი იტალიაში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრეს-ატაშე, ხოლო 1997-2000 წლებში – თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი/პრეს-ატაშე იყო. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინაციის ოფისში პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა. უფრო ადრე ელჩ კელის ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოეთსა და იტალიაში აშშ-ის საელჩოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.
ბევრად უფრო ადრე, 1985 წელს, დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე, ის ყოფილ საბჭოთა კავშირში, რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო, აგრეთვე ნიუ-იორკის ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა.
ელჩის კანდიდატურა პრეზიდენტმა ობამამ დაასახელა და აშშ–ის სენატმა დაამტკიცა. 17 სექტემბერს კი, პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ის საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობათა შესრულებას შეუდგა.
იან კელი კარიერით დიპლომატი და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის წევრია. ის მინისტრ–მრჩევლის კლასს განეკუთვნება.
ბულგარეთის ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი
პლამენ ბონჩევი დაიბადა 1957 წლის 22 იანვარს, ვიდინის ოლქში, ბულგარეთში.
ელჩის განათლება: პლამენ ბონჩევმა 1978-1983 წლებში აიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში, ხოლო სადოქტორო ხარისხი 1985-1988 წლებში ამავე უნივერსიტეტში – პოლიტიკის მეცნიერებებზე.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: პლამენ ბონჩევი1992-1995 იყო ელჩი ბრიუსელში, შემდგომ რამდენიმე წელი ის მუშაობდა ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების უსაფრთხოების დეპარტამენტში. მისი როგორც ელჩის კარიერა გრძელდება 2006 წლიდან, იგი 2010 წლამდე იყო ბულგარეთის ელჩი ფინეთში, 2011-2012 წლებში მუშაობდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში, ხოლო 2012 წლის 10 სექტემბრიდან პლამენ ბონჩევი საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით იმყოფება.
ელჩ ბონჩევს 2009 წელს ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპატიო ღირსების ორდენი გადასცა.
იგი ფლობს: ინგლისურ, ესპანურ,რუსულ და ფრანგულ ენებს.
გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი
ბეტინა კადენბახი დაიბადა 1960 წლის 19 ივლისს ოსნაბიურკში, გერმანიაში.
ელჩის განათლება: 1979-86 წლებში ბეტინა კადენბახმა დაამთავრა ბონის, ჰამბურგისა და ჰანოვერის უნივერსიტეტები – რომანისტიკის,გერმანისტიკისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტები, მიღებული აქვს მაგისტრის წოდება.
სამუშაო გამოცდილება: ელჩი 1986-88 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად, 1988-1992 წლებშო ოსნაბრიუკის რაიონული გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომელი იყო. 1994-97 წლებში მუშაობდა გერმანიის საელჩოში ანკარაში,პოლიტიკისა და პროტოკოლის განყოფილების რეფერენტად. 1997-2000 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის განყოფილების რეფერენტი,ხოლო 2000-04 წლებში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. 2004 დან 2012 წლამდე გახლდათ, ტალინსა და თეირანში ელჩების მოადგილე, 2006-09 წლებში იყო ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ბიუროს ხელმძღვანელი. 2012-2015 – ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის ერთობლივი პოლიტიკის განყოფილების უფროსი.
2015 წლის 15 ივლისიდან კი, ბეტინა კადენბახი არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი.
ირანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აბას თალებიფარი
აბას თალებიფარი დაიბადა 1960 წლის 1 დეკემბერს.
ელჩის განათლება: აბას თალებიფარს აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1987 წელს აბას თალებიფარი გახლდათ ირანის ელჩის მრჩეველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 1989-1991 წლებში იყო ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი დეპარტამენტის წევრი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. 1991-1992 წლებში იგი იყო რანგით მეორე მდივანი ირანის საელჩოში ლისაბონში, ხოლო 1993 წლიდან 1995 წლამდე „აბუ-მუსას“ კომისიის აღმასრულებელი მდივანი. მისი კარიერა 1995 წელს გაგრძელდა ბრიუსელში, მან დაიკავა პირველი მდივნისა და სპიკერის თანამდებობა 1999 წლამდე. 2002-2004 წლებში აბას თალებიფარი ხდება „აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის“ მეორე დეპარტამენტის დირექტორი, იგი ამ დეპარტამენტებში მუშაობას განაგრძობდა 2013 წლამდე, ხოლო 2013 წლის აპრილის თვიდან თალებიფარი გახდა ირანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
ელჩი არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. იგი არის სამი კვლევის, ოთხი სტატისაა და შვიდი წიგნის ავტორი. მისი ცნობილი წიგნებია: „შანხაის კოოპეაციული ორგანიზაციები: ნეორეგიონალიზმი“, „ირანის სტრატერგიული როლი აზიაში“, „აბრეშუმის გზის კულტურული გეოგრაფია“.
იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი
ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩის სტატუსით 2015 წლის 1ელი სექტემბრიდან იმყოფება.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: ვაშინგტონში (DC) იტალიის საელჩოს პრესსპიკერი, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეების და კულტურის სამსახურის უფროსი. 2013 წელს მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა აშშ-ში იტალიის კულტურის დღეები (300 ღონისძიება ამერიკის 60 სხვადასხვა ქალაქში). ერთი წლის განმავლობაში მივლინებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კურირებდა ეკონომიკურ დოსიეებს ახლო ამოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის გენერალურ დეპარტამენტში „არაბული გაზაფხულის“ შემდგომ პერიოდში.
2004-2006 წლებში იტალიის საელჩოში პეკინში ასრულებდა საელჩოს მრჩევლის მოვალეობებს კულტურის საკითხებში. კოორდინაციას უწევდა ჩინეთში იტალიის წელიწადის ჩატარებას. 2006-2008 წლებში პოლიტიკური მრჩევლის რანგში კურირებდა ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს. 2000-2004 წლებში იყო როგორც პირველი კლასის კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ტულუზაში, ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებების ინტენსიური კალენდრის ინიციატორი იყო საფრანგეთის ტერიტორიის ერთ მეოთხედზე.
2008-2011 წლებში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა მინისტრის აპარატში, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში. მანამდე, რომში მოღვაწეობისას, მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში, შემდგომ კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის განსაკუთრებული სამდივნოს უფროსის მოადგილედ (გაეროს, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნების საკითხებში).
დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, 1991 წლიდან 1997 წლამდე, ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას. იყო ჟურნალისტთა კავშირისა და საპარლამენტო პრესის ასოციაციის წევრი, აშუქებდა პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებს. ქ. რომში ლუისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა Alitalia-ში, McKinsey-ს სპეციალური პროექტის ფარგლებში, (ავიაკომპანიის სტრუქტურელი რეორგანიზაციის საკითხებზე), შემდგომში კი – მარკეტინგის დირექტორის ასისტენტად.
ელჩის განათლება: იყო Corriere della Sera-ს ჟურნალიზმის სკოლის სტიპენდიანტი, სწავლობდა ლონდონის School of Economics საზაფხულო სკოლაში, მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში Sciences Po Toulouse-ის უნივერსიტეტში, სამაგისტრო სადიპლომო ნაშრომით „ასიმეტრული ომის“ თემაზე.
ელჩს ჰყავს მეუღლე და ხუთი ქალიშვილი, იგი არის გაზეთ il Sole 24 Ore-ს მიერ გამოცემული წიგნის, „საერთაშორისო კარიერების“ თანაავტორი. უყვარს ფეხბურთი, მთა და თეოლოგია.
პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩეშკოვსკი
ანჟეი ჩეშკოვსკი დაიბადა 1971 წლის 14 ნოემბერს.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: ჩეშკოვკსი 1998 წელს არჩეულ იქნა მინისტრად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1998-2002 წლებში გახლდათ პორტუგალიაში პოლონეთის საელჩოს მეორე მდივანი. 2002-2008 წლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტში იგი გახლდათ ექსპერტი და მრჩეველი. 2008-2013 წლებში კვლავ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აგრძელებდა მოღვაწეობას, ხოლო 2013 წლის ივლისიდან გახლავთ პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
ელჩის განათლება: ელჩმა 1990-1995 წლებში დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, მაგისტრის ხარისხით, პოლიტიკის მეცნიერებაში, ხოლო 1996-1997 წლებში ვარშავის ეკონომიკის სკოლა.
ანჟეი ჩეშკოვსი დაოჯახებულია, იგი ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოჰანეს დოურმა
იოჰანეს დოურმა დაიბადა 1955 წლის 10 იანვარს, გრონინგენში. ელჩის განათლება: 1979 წელს დაამთავრა გრონინგენის უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი. ელჩის სამუშაო გამოცდილება: 2000-2001 წელს ელჩი გახდა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, 2005-2009 წლებში იყო დელეგატი და ჰოლანდიის საელჩოს წამომადგენელი მოსკოვში. 2009-2013 წლებში დაიკავა ჰოლანდიის ელჩის თანამდებობა სლოვენიაში. 2013-2015წლებში იყო ელჩი ირანის რესპუბლიკაში.
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1989-1993 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციში ჰუმანიტარულ საქმეთა დეპარტამენტში, 1997-98 წლებში საგარეო და თანამეგობრობის დეპარტამენტში, დიდ ბრიტანეტში, 1999-2001 წლებში გახლდათ პირველი მდივანი ვაშინგტონში, 2002-2004 წლებში მივლინებით იყო შეერთებული შტატებში, 2006-2007 წლებში იყო ბრიტანეთის ელჩი ნიუ დელში, 2007-2008 წლებში იყო დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო 2009-2011 წლებში უმაღლესი საბჭოს წევრი, ბოგოტაში, 2011-2013 წლებში ელჩი კვლავ დეკრეტულ შვებულებაში გავიდა,ხოლო 2013 წლიდან დღემდე საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობაზეა.
ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იენჩი
ძი იენჩი დაიბადა 1958 წლის აპრილში. ელჩის სამუშაო გამოცდილება : 1984-1988 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სსრკ და აღმოსავლეთ ევროპის საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელი, ატაშე; 1988-1991 საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცელარია, ატაშე, მესამე მდივანი; 1991-1992 ჩინეთის საელჩო რუსეთის ფედერაციაში, მესამე მდივანი, მეორე მდივანი; 1992-1994 ჩინეთის საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში, მეორე მდივანი; 1994-1995 ჩინეთის საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1995-1997 საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი, განყოფილების ხელმძღვანელი;
1997-2000 ჩინეთის საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში, მრჩეველი; 2000-2002 საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი, მრჩეველი; 2002-2003 სინძიანის უიუგურთა ავტონომიური რაიონის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე; 2003-2005 საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში; 2005-2007 საგარეო საქმეთა სამინისტრო, ელჩი; 2007-2009 შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, სამდივნოს მრჩეველი; 2009-2012 შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ჩინელი კოორდინატორი;
2012-2012 შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამდივნო, ვიცე გენერალური მდივანი; 2012-2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური საკონსულო სანკტ-პეტერბურგში, გენერალური კონსული; 2015- საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. დაოჯახებული, ჰყავს ერთი ქალიშვილი.
რუმინეთის ელჩი საქართველში დიმიტრუ ბადეა
დიმიტრუ ბადეა დაიბადა 1951 წლის 1 ივნისს.
ელჩის განათლება: 1993-1994 წლებში დიმიტრუ ბადეამ დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი რუმინეთში, ხოლო 1996 წელს მიიღო მაგისტრის წოდება ჩეხეთში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1976-1980 წლამდე ელჩი ბუქარესტში ინჟინრად მუშაობდა, 1992 წელს იგი გახდა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1994 წელს იყო რუმინეთის ელჩის მრჩეველი ჩეხეთის რესპუბლიკაში. 1999 წელს გახლდაღ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი, 2004 წლის აგვისტოში მან დაიკავა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის პოზიცია აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტში. 2010-2012 იყო ამავე თანამდებობაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში. 2012 წლის მარტიდან არის რუმინეთის საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი საქართველოში.
ელჩი დაოჯახებულია და ჰყავს ორი ვაჟი. ფლობს ინგლისურ, ჩეხურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი
გიუნტერ ბეხლერი დაიბადა ბაზელში 15 ივლისს 1953 წელს.
ელჩის განათლება: 1980-1986 წლებში დაამთავრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1988-2000 წლებში ელჩი გახლდათ დირექტორი შვეიცარიის თავისუფლების ფონდის, 1989-1993 წლებში მუაობდა მკვლევარად შვეიცარიის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ციურიხში. 1997-2003 წლებში იყო ლექტორი, ბერნის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში. 2010 წლის აგვისტოდან გახლავთ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
გიუნტერ ბეხლერი დაქორწინებულია. იგი არის თხუთმეტამდე პუბლიკაციის ავტორი, იცის გერმანული,ფრანგული, ინგლისური, ესპანური და ქართული (დამწყები) ენები. ელჩის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს ხელოვნება და კულტურა, ლიტერატურა, ჯაზი, მთებში მოგზაურობა, სირბილი და ცხენით ჯირითი.
თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ
ლევენთ გუმრუქჩუ დაიბადა 1968 წელს.
ელჩის განათლება: მან 1986-1990 წლებში დაამთავრა შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, ანკარაში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1990-1991 წლებში იგი მუშაობდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში, ანკარაში. 1993-1996 წლებში ელჩი მუშაობდა თურქეთის საელჩოში ვაშინგტონში, ხოლო 1996-98 წლებში – ირანში. 2000 წელს იყო ნატოს თავდაცვითი კოლეგიის წევრი და იმყოფებოდა რომში, 2006-2010 წლებში იყო თურქული მისიის წევრი, პირველი მრჩეველი და პოლიტიკის კოორდინატორი ნიუ-იორკში. 2013-2014 წლებში გახლდათ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, 2014 წლიდან კი ასრულებს თურქეთის ელჩის მოვალეობას საქართველოში.
ელჩი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.
ერაყის ელჩი საქართველოში ბაქირ აჰმედ აზიზი
ბაქირ აჰმედ აზიზი დაიბადა 1963 წლის 2 აგვისტოს სულეიმანიაში.
ელჩის განათლება: მან დაამთავრა ინგლისური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი,ერაყში. ასევე აქვს განათლება მიღებული IT სფეროში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: ბაქირ აჰმედ აზიზი მუშაობდა, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტმენტის უფროსად, ასევე რამდენიმე წელი გახლდათ, ამავე სამინისტროში აფრიკული დეპარტამენტის უფროსი.
ელჩი ფლობს: არაბულ, ინგლისურ, ქურთულ და სპარსულ ენებს.
ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი
იუვალ ფუქსი დაიბადა ჰაიფაში 1961 წელს.
ელჩის განათლება: 1985 – 1988 წელს ფუქსმა დაიწყო სწავლა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიასა და ისტორიაში. მაგისტრის ხარისხი ელჩმა გერმანიაში, ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტში იმავე სფეროში 1991 წელს აიღო.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1991 წლის შემდეგ ელჩი მუშაობდა პროფესორის ასისტენტად, ივრითის მასწავლებლად, მთარგმნელად და ტურისტულ გიდად. 1994 წელს მოღვაწეობა დაიწყო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მუშაობდა პრაღაში, ბერლინსა და მოსკოვში.
ელჩი დაოჯახებულია, მისი სახლი მდებარეობს ისრაელში, თელ ავივსა და იერუსალიმს შორის მდებარე მზარდ ქალაქში, მოდინში. „სადაც კი მივდივართ, ყველგან ადამიანების, მათი კულტურისა და ენის შესწავლას ვცდილობთ და მრავალ ქვეყანაში გვყავს კეთილი მეგობრები, რადგან გვჯერა, რომ მეგობრობა საუკეთესო დიპლომატიაა.
თბილისს განსაკუთრებულ დროს ვეწვიეთ – გასულ ივნისში ჩვენმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლის იუბილე იზეიმეს. დარწმუნებული ვარ, ეს კავშირი მომდევნო წლებში უფრო მეტად გაიზრდება და გაღრმავდება“.
ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პალსაუსკასი
იონას პალსაუსკასი დაიბადა 1967 წლის 20 ივლისს პანევეჟისში.
ელჩის განათლება: 1986-1991 წლებში აიღო მაგისტრის ხარისხი ისტორიის ფაკულტეტზე, ვილნიუსის უნივერსიტეტში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1997-2000 წლებში იონას პალსაუსკასი გახლდათ პირველი მდივანი ლიტვის საელჩოში,პოლონეთში. 2001-2006 წლებში იგი იყო სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი საგარეო ურთიერთობათა სამინისტროში. 2006 წელს იწყება პალსაუსკასის, როგორც ელჩის კარიერა, იგი პირველად ელჩი იყო ავსტრიაში, შემდეგ 2007 წელს სლოვენიაში, შემდეგ წლებში ხორვატიასა და სლოვაკეთში. 2012-2015 წლებში იყო ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2015 წლის 20 ივლისიდან კი საქართველოში აგრძელებს მოღვაწეობას ლიტვის ელჩის თანამდებობაზე.
ელჩი დაოჯახებულია. იგი ფლობს ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
საბერძნეთის ელჩი საქართველოში ელეფტერიოს პროიოსი
ელეფტერიოს პროიოსი დაიბადა პირეუსში, საბერძნეთში 1950 წელს.
ელჩის განათლება: მან დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, ათენის ეკონომიკის უნივერსიტეტში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1981 წელს იყო საელჩოს ატაშე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1983 წლამდე მუშაობდა პროტოკოლის დეპარტამენტში, ხოლო 1986 წელს მუშაობა განაგრძო საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში. 1996 წლიდან ის არჩეულ იქნა ელჩის მრჩევლად ბაქოში, ასევე ამ თანამდებობაზე იყო ალბანეთსა და გერმანიაში. 2009-2011 წლებში გახლდათ შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 2011 წლიდან ელეფტერიოს პროიოსი საბერძნეთის ელჩია საქართველოში.
ელჩი დაოჯახებულია, ჰყავს ექვსი შვილი. ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.
საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი
რენო სალენსი დაიბადა 1967 წლის 17 ივნისს.
ელჩის განათლება: 1991 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში პარიზის უნივერსიტეტში. ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ესპანური ენაში (უნივერსიტეტი პარიზი IV-სორბონა), რომელიც 1990 წელს დაამთავრა. 1989 წელს აიღო აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის დიპლომი.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 1991-1992 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში (ეკონომიკურ და ფინანსურ საქმეთა დეპარტამენტი). 1992-1993 წლებში იყო სამინისტროს წარმომადგენელი ჰავაიში, საგარეო საქმეთა სამინისტრო (აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტში ). 1996-1999 წლებში იყო საელჩოს მეორე მდივანი თეირანში, ასევე გახლდათ საელჩოს მეორე მდივანი სანტიაგოში /ჩილე/ – 1999-2002წლებში. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოღვაწეობდა ჩრდილოეთ აფრიკისა და მცირე აღმოსავლეთის დეპარტამენტში – 2002-2005 წლებში.
იყო საელჩოს პირველი მდივანი ვაშინგტონში – (2005-2009), ასევე საელჩოს პირველი მრჩეველი თეირანში – 2009-2012 წლებში.
2012 წლის თებერვლიდან არის საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
ელჩი არის პუბლიკაციების ავტორი და ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი (2010 წ. 14 მაისი). იგი ფლობს ინგლისურს, სპარსულსა და ესპანურ ენებს.
სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი
იური ვარდანიანი დაიბადა 13 ივნისს 1956 წელს.
ელჩის განათლება: 1974-1980 წლებში სწავლობდა ნალბანდიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, 1984-87 წლებში კი ერევანის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტში.
ელჩის სამუშაო გამოცდილება: 2003-2008 წლებში იყო სომხეთის გაერთიანების პრეზიდენტი ლოს-ანჟელესში. 2009-2013 წლებში გახლდათ სომხეთის პრეზიდენტის მრჩეველი, 2013-2014 წლებში იყო სპორტისა და ახალაგზარდულ საქმეთა სამინისტროს მინისტრი. 2014 წლის 24 ივნისიდან კი იური ვარდანიანი არის სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
ელჩი დაოჯახებულია და ჰყავს სამი ვაჟი. იგი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ნათია კეკენაძე