საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზად არის, საქართველოს პრეზიდენტთან ითანამშრომლოს.
შოთაძე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს მთავარი პროკურატურისთვის ე.წ. კასრებისა და ფოტოგრაფების საქმეებთან დაკავშირებით, უწყებისთვის კითხვებით არაერთხელ მიუმართავს.
როგორც მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს, აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.
„ვფიქრობ, ეს უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემაა. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტთან ვითანამშომლოთ, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშვალდებულება არ გვაქვს მასთან. პრეზიდენტს შესაბამისი კითხვებით ჩვენთვის ოფიციალურად არ მოუმართავს, თუმცა, თუ მოგვმართავს, მზად ვართ, პასუხი გავცეთ. კასრების საქმეზე არაეთხელ გავაკეთე განცხადება. ამ საქმეზე პირველ ინსტანციაში, თუ არ ვცდები, 11 ადამიანის მიმართ განაჩენი დამდგარია. ამ ეტაპზე სააპელაციოს ინსტანციაში იმ პიროვნებების მიმართ მიმდინარეობს განხილვა, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. ვინმეს თუ აინტერესებს როგორ მუშაობს ამ საქმეზე პროკურატურა, სააპელაციო სასამართლოს სხდომები ღიაა და შეუძლია ამ სხდომებს დაესწროს“, – განაცხადა შოთაძემ.
Facebook კომენტარები














