საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. როგორც “თბილისი თაიმსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომის მოსამზადებელი პროცესი, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო.
დელეგაციის ხელმძღვანელ კრისტიან ვიგენინის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან რობერტო მონტელას პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს და კონფლიქტის მოგვარების პროცესის მიმდინარეობას. შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.