ქართველი ჟურნალისტები ირანში ვიზიტის ფარგლებში თავრიზის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის კვლევების ხელმძღვანელს -აჰმად ფარშბაფიანს შეხვდნენ. როგორც ვიზიტის ფარგლებში გაირკვა, საქართველოსა და ირანის უნივერსიტეტებს შორის არსებობს გარკვეული ტიპის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
აჰმად ფარშაბიანის თქმით, უახლოეს მომავალში, თავრიზის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმს მოეწერება ხელი, რომლის საშუალებითაც, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.
ჟურნალისტები აგრეთვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გაეცნენ, სადაც 250-მდე ქართული წიგნია. კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, თვე-ნახევარში ქართული აუდიტორიაც გაიხსნება.
,,გვაქვს თხოვნა საქართველოსთან, რომ ქართულენოვანი წიგნები გამოგვიგზავნონ, რათა ამ აუდიტორიაში განვათავსოთ და სტუდენტებს მათზე წვდომა ჰქონდეთ“ – აღნიშნა აჰმად ფარშბაფიანმა.
როგორც გაირკვა ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია ირანში 25 ქართველი სტუდენტისა და 10 ლექტორის ჩასვლა. ისინი გაეცნობიან ირანის საგანმანათლებლო სისტემას.
ნატალია ჯალაღონია













