ონლაინ სესხების მომხმარებელი ბევრი ჩვენგანია. პირველი, რაც მათში გვხიბლავს, სიმარტივე და სისწრაფეა. დამატებითი პროცედურებისა და მოთხოვნების გარეშე შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის თანხა ვისესხოთ თუნდაც სამსახურის დამადასტურებელი ცნობის გარეშე, რომელიც ჩვენს გადახდისუნარიანობას ყველაზე კარგად ასაბუთებს და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელია, თუმცა, რამდენად დადებითად არიან განწყობილნი ბანკები ამ ყველაფრის მიმართ?
ამ კუთხით მაშინ გავამახვილე ყურადღება, როდესაც მიამბეს, თუ როგორ ვერ შეძლეს ბანკიდან („თიბისი” ბანკი და „საქართველოს ბანკი“) განვადების გაკეთება კომპანია “ვივუსის” (Vivus.ge) სესხის გამო, რომელიც წარმატებით იყო დაფარული. ბანკის ოპერატორმა მიზეზად დაასახელა, რომ ონლაინ სესხები და განსაკუთრებით “ვივუსის” სესხი, პიროვნების რეიტინგს დაბლა წევს, მით უმეტეს, თუ მას საკრედიტო ისტორია არ აქვს გახსნილი და სიტუაციაში გასარკვევად კომპანია “ვივუსის” ოფისში გადაამისამართეს. აქ ამ პიროვნებას შესთავაზეს სესხის წარმატებით დაფარვის დამატასტურებელი ცნობის აღება და ბანკში წარდგენა, თუმცა გარანტიას მაინც ვერ აძლევდნენ შეძლებდა თუ არა შემდეგ განვადების გაკეთებას.
ამ ამბის მოსმენის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი გადამემოწმებინა და ინფორმაციის მოძიება დავიწყე. ვესტუმრე Vivus.ge-ს, თუმცა აქ, სამწუხაროდ, ვერაფერი ვნახე, გარდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტისა, იმისთვის, რომ სესხის აღება შეძლოს პიროვნებამ, უნდა აკმაყოფილებდეს სხვა კრიტერიუმებთან ერთად შემდეგს – შეეძლოს სესხის დაფარვა, თუმცა, როგორ ხდება ამ უკანასკნელის გადამოწმება კომპანიის მიერ, საიტზე ვერ ამოვიკითხე.
„თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა კომპანია Vivus.ge-ს, რათა ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხი მიგვეღო, თუმცა, გაწბილებულები დავრჩით. კომპანიმ არ ისურვა ჩვენთვის აეხსნა, როგორ ხდებოდა საბოლოოდ ზემოთ მოცემული სიტუაციის მოგვარება ბანკებთან და ასევე, როგორ ამოწმებდნენ შეეძლო თუ არა პიროვნებას სესხის დაფარვა, მიზეზად კი დაგვისახელეს, რომ ეს კითხვები კომპანიის შიდა პოლიტიკას ეხებოდა.
რამდენად ადექვატური პასუხი გაგვცეს თქვენ განსაჯეთ.. თუმცა, ეს ორი ფაქტი, რომ საგულისხმო და გასათვალისწინებელია, ცალსახაა, რადგან აუცილებელია ვიცოდეთ სავარაუდო რისკ-ფაქტორების შესახებ, რომელიც შეიძლება თან ახლდეს სესხის აღებას.
მარიამ ტაკაშვილი





