„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარტიის ის წევრები, ვინც მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს ინარჩუნებენ, პოსტებს აგვისტოში დატოვებენ.„ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ვარშავის სამიტამდე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პოსტი დატოვოს, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის სტაბილურობის და საგარეო კურსის ერთ-ერთი გარანტი არის ის, რომ თავდაცვის მინისტრი წამდაუწუმ არ უნდა იცვლებოდეს.
„ვარშავის სამიტი განცხადებაში არ გვიხსენებია, მაგრამ დიახ, ეს არის მთავარი თემა ჩვენი ყველა საუბრისა და კონსულტაციის დროს. ქვეყნის სტაბილურობისა და საგარეო კურსის ერთ-ერთი გარანტია კი სწორედ ისაა, რომ თავდაცვის მინისტრი წამდაუწუმ არ იცვლებოდეს. ველი, რომ იგივე პრიორიტეტები აქვს პრემიერსაც. ვფიქრობ, ის მზადაა თანამშრომლობისთვის და არ სურს, ქვეყანაში კითხვები გაჩნდეს. სწორედ ამიტომ, პარტიის ხარჯზე, ვტოვებთ მინისტრებს პოსტებზე და ამის გამო, ჩვენი მისამართით ბევრი კითხვა ჩნდება. ახლა ვმუშაობთ სიის ფორმირებაზე და ცოტა ხანში, მინისტრებთან ერთად გადავწყვეტთ, მათგან ყველა იქნება სიაში, არც ერთი თუ რომელიმე და ვინ შეინარჩუნებს პოსტს ბოლომდე. ეს აქამდე არ მითქვამს, თუმცა ვფიქრობ, ხალხს უნდა ვუთხრათ, როცა პარტია ძალიან აქტიურ საარჩევნო ფაზაში შევა, მინისტრები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამიტომ რეალურად, აგვისტოში ჩვენი მინისტრები წავლენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.











