2016 წლის 8 აგვისტო- პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ოფიციალური თარიღი დაასახელა, თუმცა გადაწყვეტილებას ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა. ამ თემაზე ისაუბრეს პოლიტიკოსებმა „რუსთავი-2“-ის ეთერში.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კანონდარღვევას უწოდებს და მთავარ პრობლემად გიორგი მარგველაშვილის შეცდომები მიაჩნია.
„ისევე როგორც მთელი 4 წელი, კვლავ არაორდინალურ ვითარებაში ვართ. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, მისი კომპეტენცია,პასუხისმგებლობა, სერიოზულობა და პრინციპულობა ვერაინაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს არის ქვეყნის სირცხვილი და შეიძლება გახდეს პოსტსაარჩევნოდ სერიოზული პრობლემების საფუძველი,“ – აცხადებს მელია.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი წინასაარჩევნო პროგნოზსაც აკეთებს.
„ქართულმა ოცნებამ დღემდე ვერ გაიგო, რომ ის არის ხელისუფლებაში და იქცევა, როგოც ოპოზიციის ოპოზიცია, საზოგადოებამ არამგონია საარჩევნო ურნებში შემოხაზული 41 ნომერი ჩააგდოს,“ – ამბობს მელია.
„შაბათის კურიერის“ სტუმარი იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. მან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „ვერაგული აქტი“ უწოდა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, „არჩევნების თარიღის დანიშვნა მხოლოდ უფროსობასთან შეთანხმებით, პოლიტიკური კონსულტაციების გარეშე მოხდა“.
მანანა ღოღობელიძე












