არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ვნებათაღელვაც იმატებს, რასაც თან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანება-დაშლა, ცხარე დებატები და სხვადასხვა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ხრიკის გამოყენება ერთვის.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა, ოფიციალური არა, თუმცა, არაოფიციალური წინასაარჩევნო კაპმანია მაშინვე დაიწყო, თუმცა, ოფიციალურად, პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის დაწყების უფლება 8 ივნისიდან მიეცათ.
განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, „საარჩევნო კამპანიის“ ცნება რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება: ა) ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით ესაა გარკვეული პერიოდი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელიც ემთხვევა არჩევნებს ამა თუ იმ წარმომადგენლობით დაწესებულებებში, და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური ცხოვრების საერთო გააქტიურება. ბ) სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით – ესაა კანონით ზუსტად განსაზღვრული დრო, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს არჩევნებს და როდესაც მოქმედებს საარჩევნო პროპაგანდის სპეციალური რეჟიმი. სწორედ ამ პერიოდში ყველაზე დიდ მასშტაბებს ღებულობს წინასაარჩევნო მუშაობა, არჩევნებთან დაკავშირებით იქმნება სპეციალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ ამა თუ იმ პარტიის ან კანდიდატის გამარჯვებას. გ) და ბოლოს, როდესაც ლაპარაკია კანდიდატზე ან რომელიმე პარტიაზე, საარჩევნო კამპანია ესმით როგორც პროპაგანდისტულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელსაც ატარებენ თვითონ კანდიდატები და პარტიები, ან სხვა ორგანიზაციები მათ მხარდასაჭერად, მიუხედავად ამ კამპანიის ჩატარების ვადებისა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და სუბიექტის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა.
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დეფინიცია ზუსტად არ განსაზღვრავს, რა ხერხებითაა დასაშვები წინასაარჩევნო კამპანია, საქართველოში უკვე წლებია მკვეთრად ჩამოყალიბებული კონცეფცია არსებობს, რაც ურთიერთბრალდებებში, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციასა და წინასაარჩევნო სკანდალებში გამოიხატება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, პოლიტიკური პარტიების რაოდენობის მიხედვით ბევრ ჩვენზე დიდ ქვეყანას ვუსწრებთ, რაც არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამაც დაამტკიცა. ,,ცესკოში“ ამ მოთხოვნით 64 პარტია წარსდგა, თუმცა, საარჩევნო კომისიამ მათგან მხოლოდ 45 დაარეგისტრირა. პოლიტიკური გაერთიანების დასარეგისტიტრებლად, სხვა დოკუმენტებთან ერთად პარტიას არანაკლებ 1000 წევრის სია უნდა წარედგინა.
,,ცესკომ“ დარეგისტრირებული პარტიებიდან რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი კამპანიას ჩამოაშორა. ერთ-ერთი პირველი ლადო ბედუკაძისა და ნიკოლოზ ხაჩიაშვილის პარტია – ,,ცენტრისტები“ აღმოჩნდა.
შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა. მისი განმარტებით, განკარგულებას საფუძვლად საჯარო რეესტრის ინფორმაცია ედო, რომლის მიხედვითაც, პარტია „ცენტრისტების“ ხელმძღვანელ პირებს უფლებამოსილება იურიდიულად არ გააჩნდათ.
პარტიის საქმიანობის აკრძალვა არასამთავრობოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამა გავიდა, რომელშიც პარტია „ცენტრისტები“ ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებასა და ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღებას ჰპირდებოდნენ.
,,ცესკომ’ მომდევნო დღეებში საარჩევნო სუბიექტების სიიდან პრორუსულად განწყობილი ,,ცენტრისტების“ შემდეგ ,,თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ მოხსნა. ,,ცესკო-მ“ ბლოკი რეგისტრაციიდან იმ მოტივით მოხსნა, რომ კანონით დადგენილ ვადაში პარტიული სია არ წაარადგინა, თუმცა, თავად ადრესატი ამ არგუმენტს არ იღებდა და აქციებით იმუქრებოდა. სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკის „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა.
შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვის კულმინაციად,,რესპუბლიკელების“ კოალიციიდან გამოყოფა და ,,გირჩისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის – ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ გაერთიანება იქცა, რასაც საზოგადოებაში დიდი მითქმამოთქმა მოჰყვა.
ასეა თუ ისე, ექსპერტების ნაწილი და საზოგადოებაც ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგი ნათელია და რეალური ბრძოლა მხოლოდ ორ პარტიას შორის გველის.
საარჩევნო კამპანიის მეორე მხარეს კი გახშირებული პროვოკაციები, ბრალდებები და კამათია – რამდენიმე დღის წინ, 14 სექტემბერს, ინტერნეტში გავრცელდა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბრის ფარული სატელეფონო ჩანაწერი.
ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ იმ წევრთა პოზიციის გამო საყვედურობდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში შესვლას არ გამორიცხავდნენ. ნიკა გვარამიამ ამ ჩანაწერს დამონტაჟებული უწოდა, თუმცა, დაადასტურა, რომ მას პაატა ბურჭულაძესთან ნამდვილად ჰქონდა საუბარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო, თუმცა ,,რუსთავი 2-ის“ გენდირექტორი თავად შსს-ს ადანააშაულებს ჩანაწერის დამონტაჟებასა და გავრცელებაში და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ხელისუფლებას პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაცია სურს.
მიმდინარე სკანდალური პოლიტიკური ფონი დავით უსუფაშვილმა კიდევ უფრო გაამძაფრა, ,,რესპუბლიკურ პარტიასა“ და ,,ქართულ ოცნებას“ შორის მკვეთრი დაპირისპირება დაიწყო. ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, შარშან მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისაგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების წინადადება მიიღო. თავად ბიძინა ივანიშვილმა ეს ინფორმაცია გადაჭრით უარყო და უსუფაშვილის სიტყვებს ,,მტკნარი სიცრუე” უწოდა.
უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვების ციტირება მოახდინა: ,,მე ვხედავ, რომ ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდისო. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელიაო, მაგრამ ჩემს გუნდში ვერ ვხედავ იმას, ვისაც ამას ვანდობო. ამიტომ მე მითხრა, იქნებ შენ დათანხმდე, თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა არჩევნების შემდეგ, შენზე და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი და ყველაფერიო.“
პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის კანდიდატურა თავად შესთავაზა ექსპრემიერს.
ყველა აღნიშნული ფაქტი სასტიკად უარყო ბიძინა ივანიშვილმა.
სკანდალი ამ დრომდე გრძელდება და მხარეები კვლავაც არ თმობენ პიზიციებს.
როგორც ექპერტები ამბობენ, მსგავსი ურთიერთბრალდებები არცერთ შემთხვევაში არცერთი პარტიისთვის იქნება მომგებიანი და პირიქით, შესაძლოა ხმების დაკარგვის მაპროვოცირებელიც კი გახდეს.
წინასწარი პროგნოზით, არჩევნებს მაჟორიტარული ოლქები გადაწყვეტს, 50%-იანი ბარიერი კი შესაძლოა პარტიების უმეტესობამ ვერც კი გადალახოს. სწორედ ამიტომ, ოლქების უმეტესობაში მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იქნება. როგორც ჩანს, საარჩევნო ვნებათაღელვა საქართველოში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ნატალია ჯალაღონია
გამოყენებული ლიტერატურა: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997