საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. სხდომა დღეს 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ხუთი საკითხის განხილვა, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის; თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა. ეროვნული უშიშროების საბჭო ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც განიხილავს.
“ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს მუდმივი წევრები არიან მოწვეულები”, – ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის რანგში დღეს პირველად დაესწრება ირაკლი კობახიძე. ასევე მასში მონაწილეობას უშიშროების საბჭოს მდივნის სტატუსით პირველად მიიღებს დავით რაქვიაშვილიც.