„მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამწუხაროდ ისევ მძიმეა, მაგრამ ის რაც მოხდა, პროკურატურის მხრიდან სისტემატური ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგია. ეს არის სიძულვილის ენა, რომელიც იშვიათად თუ მინახავს რომელიმე ბრალდებულის მიმართ“. ამის შესახებ რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„21 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც დავაყენე შუამდგომლობა, რომ მაია რჩეულიშვილს თავად სურდა მოწმეების დაკითხვაში მონაწილეობის მიღება, პროკურორები სისტემატურად, დაცვის მხარესთან შეთანხმების გარეშე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას მაია რჩეულიშვილზე. მას სტუმრობდნენ პალატაში და აშინებდნენ,რომ თუ ის ასეთ მდგომარეობაში არ მოვიდოდა სასამართლოში ან უარს არ იტყოდა პროცესში მონაწილეობაზე, ამ შემთხვევაში სასამართლო პროცესს პალატაში ჩაუტარებდნენ. ეს იყო ერთი მიზეზი, თუ რატომ განაცხადა მაია რჩეულიშვილმა უარი ჯანმრთელობის და მკურნალობის უფლებაზე. სამომავლო სამართლებრივ სტრატეგიებზე ჩამოყალიბება ჯერჯერობით ვერ შევძელით.
მეორე მხრივ მაია რჩეულიშვილს სჭირდებოდა ორი უმძიმესი ოპერაცია, ერთ–ერთი ფილტვის ოპერაცია და მას ხანგრძლივი აღდგენითი კურსი აქვს, რაც პირველ რიგში სუფთა ჰაერთან ყოფნასთან არის დაკავშირებული. სასამართლომ არაფერი არ გაითვალისწინა, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და არ შეუცვალა მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება, დატოვა კვლავ პატიმრობაში. ფილტვზე ოპერაციის შემდეგ მისი დახურულ საკანში დაბრუნება იყო მისი სასიკვდილო განაჩენი. აქედან გამომდინარე მან ეს გზა აირჩია, საერთოდ უარი განაცხადა მკურნალობაზე და თავისი ნებით დაბრუნდა საპატიმროში,“–განაცხადა მარინა ცუცქირიძემ.
მანანა ღოღობერიძე






