მსოფლიოს 207 ქვეყნის 30 მილიონ ადამიანს აერთიანებს, ქადაგებს და გამოსცემს ლიტერატურას 892 ენაზე, მისი ხელმძღავნელობის ქვეშაა 7422 საგანმანათლებლო და 731 სამკურნალო დაწესებულება, ეს „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიაა”, ერთ-ერთი მსხვილი პროტესტანტული მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში უკვე 110 წელია ახორცილებს რელიგიურ, სოციალურ და საგანმანთლებლო საქმიანობას. უფრო დეტალურად ეკლესიის სწავლებასა და მოღვაწეობაზე „თბილისი თაიმსს“ მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესიის ღვთისმსახური ბორის ჭარაია ესაუბრა.
ეკლესიის სახელწოდება ასახავს თავისივე მოძღვრების ორ ძირითად აქცენტს, ესაა შაბათი დღის წმინდაყოფა და უფლის მეორედ მოსვლის მოლოდინი.
„ეკლესიის სახელწოდებაში მეშვიდე დღე გულისხმობს, ღვთის ათი მცნებიდან მეოთხე მცნების თანახმად, შაბათი დღის წმინდა, მეშვიდე დღედ აღიარებას, რაც ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე მიუთითებს, ხოლო ლათინური სიტყვა „ადვენტუს” ნიშნავს „მოსვლას” და მიუთითებს აღსასრულზე, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლაზე, რომელიც ბოლოს მოუღებს ცოდვის ხელმწიფებას და ხსნას მოუტანს ყველას, ვინც იესო ქრისტე თავის უფლად და მაცხოვრად აღიარა“- აღნიშნა პასტორმა ბორისმა.
ადვენტისტთა რელიგიური მოძრაობა სათავეს ევროპის პროტესტანტულ რეფორმაციაში იღებს.
„მე-19 საუკუნეში ჯერ ევროპაში, შედეგ კი ამერიკაში ვითარდება მოვლენები, ცნობილი როგორც მეორე დიდი რელიგიური გამოღვიძება. ორივე კონტინენტზე იზრდება განსაკუთრებული ინტერესი მათემატიკისა და ციფროლოგიის მიმართ, ყალიბდება სხვადასხვა საზოგადოებები, რომლებიც იკვლევენ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომელშიც ნახსენებია რიცხვები და თარიღები. განსაკუთრებით კი ყურადღება გამახვილებულია წინასწარმეტყველ დანიელის წიგნზე.
ადვენტისტური მოძრაობა დაკავშირებულია უილიამ მილერის სახელთან, რომელიც იყო რიგითი ბაპტისტი, ფერმერი. იგი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დანიელის წიგნის კვლევისას მიდის დასკვნამდე, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა ძალიან მოახლოვდა. დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იგი დუმს და მხოლოდ შინაგანად იტანჯება, რადგან თვლის, რომ ქვეყნის აღსასრულის შესახებ ინფორმაციის დამალვა დანაშაულია.
ერთხელ, როცა იგი ლოცულობდა და სთხოვდა ღმერთს, მისთვის ქადაგების საშუალება მიეცა, რადგან ეკლესიის რიგითი წევრი იყო და არასოდეს უქადაგიადა. ლოცვის დროს მასთან მოვიდა ბავშვი მეზობელი სოფლიდან და სთხოვა კვირას ღვთისმსახურებაზე ექადაგა. ეს მილერმა ღმერთის პასუხად მიიღო. მსახურებაზე მან დანიელის წიგნიდან მოახლოებული მეორედ მოსვლის შესახებ იქადაგა. მალე ამბავი ქრისტეს მოახლოებული მოსვლის შესახებ ელვისებურად მოედო სხვადასხვა ეკლესიებს მთელს ამერიკაში (ამისათვის კი მეორე რელიგიურმა გამოღვიძებამ ყველანაირი ნიადაგი მოამზადა). ამგვარად, სხვადასხვა დენომინაციის ეკლესიებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ და სწამთ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოვდა. ასეთ მორწმუნეებს, რომლებიც მაშინდელი ამერიკის, პრაქტიკულად ყველა დენომინაციაში იყვნენ, ადვენტისტები დაარქვეს. ზოგიერთი წყარო მათ მილერიტებსაც უწოდებს. მაგრამ ეს არ იყო ცალკე დენომინაცია, ეს იყო მოძრაობა, რომლის წევრებიც ატარებდნენ ერთობლივ კონფერენციებს. მოგვიანებით ეკლესიებმა თავიანთი მრევლიდან გარიცხეს ეს ხალხი მეორედ მოსვლაზე ქადაგების გამო, რამაც უბიძგა გარიცხულებს ცალკე ეკლესიად ჩამოყალიბებისაკენ.
მილერის ირგვლივ შემოიკრიბა ხალხი, რომელმაც განაგრძო დანიელის წიგნის კვლევა და დან.8:14-ის ახსნაში დაუშვა შეცდომა. 2300–წლიანი პერიოდის გამოთვლა დაფუძნებული იყო ყველა ისტორიულ და ქრონოლოგიურ მასალაზე. შეცდომა მდგომარეობდა “საწმიდარი განიწმინდებას” ახსნაში. მაშინდელი წარმოდგენების თანახმად, დედამიწა ითვლებოდა საწმიდრად. სწორედ ეს წარმოდგენა არ გადამოწმდა და დასკვნაც, რომ 1844 წელს მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლა, მცდარი აღმოჩნდა.
“დიდი სასოწარკვეთილების” შემდეგ მოძრაობა მთლიანად დაიშალა. მაგრამ ამან გამოიწვია დანიელის წიგნის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესი. ამ პერიოდში დაახლოებით 40–კაციანი ჯგუფი, რომელიც შემდგომში სწრაფად გაიზრდება და ცნობილი გახდება, როგორც მე-7 დღის ადვენტისტთა ეკლესია, ცდილობს იპოვოს შეცდომა და პოულობს კიდეც – დანიელის 8:14 – საწმიდრის ახსნაში. სწორედ დოქტრინა საწმიდრის შესახებ გახდება საფუძველი ამ ეკლესიის მოძღვრებისა.
ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ელენე უაითმა, რომელიც თავიდან მშობლებთან ერთად მილერიტულ მოძრაობაში იყო და ამისათვის გაირიცხა კიდეც მეთოდისტური ეკლესიიდან. 17 წლის ასაკში, სასოწარკვეთილების შემდეგ, როცა იკრიბება ეს 40 კაციანი ჯგუფი, იგი პირველად ღებულობს ხილვას ადვენტისტური მოძრაობის შესახებ და ამის შემდეგ ხილვებით, წიგნებითა და მოღვაწეობით თავისი წვლილი შეაქვს ეკლესიის ფორმირებაში.“
ადვენტისტები მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად იზიარებენ იესო ქრისტეს რწმენას, მონანიებისა და ნათლობის აუცილებლობას. სწამთ ერთი სამპიროვანი ღმერთი – მამა, ძე და სულიწმიდა. აღიარებენ ქრისტიანულ დოქტრინას სამსჯავროს შესახებ, აგრეთვე ღვთის მადლით ხსნის შესაძლებლობას.
ბიბლია რწმენისა და ცხოვრების ერთადერთ საფუძვლად მიიჩნევა. საეკლესიო გარდამოცემა კი მიღებულია იქამდე, სანამ ის არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს.
ეკლესიაში სრულდება ნათლობის, ზიარების, ზეთისცხების, ხელდასხმისა და ქორწინების საიდუმლოებები. იცავენ მარხვას, თუმცა არ არსებობს სტაბილურად დადგენილი სამარხვო პერიოდები.
ღვთისმსახურება შედგება ღმერთის განდიდებისაგან, საგალობლებისაგან, პასტორები და მრევლი ერთობლივად აღავლენენ ლოცვებს, იკითხება წმინდა წერილი, სრულდება ქადაგება.
პასტორი -„ნათლობა ეს არის „კეთილი სინდისის ღვთისთვის შეპირება (1 პეტრე 3:21), ვპირდებით მას, რომ კეთილი სინდისით ვიცხოვრებთ, გვეყვარება ღმერთი, მოყვასი, ვიქნებით ქრისტეს მიმდევრები და მისი მცნებების შემსრუბლებელნი. ნათლობა ტარდება წყალში სრული შთაფვლით, გონივრულ ასაკში. ეს უნდა იყოს პირადი არჩევანი, გააზრებული ნაბიჯი.
ზიარებას აღვასრულებთ უფუარი პურითა და ყურძნის უალკოჰოლო წვენით. ამ წმიდა მსახურებისთვის ყველა სულიერად ემზადება იესო ქრისტეს სხეულისა და სისხლის სიმბოლოების მისაღებად.
მარხვა უბრალოდ თავშეკავება როდია საჭმლისაგან, ის გულისხმობს ღმერთთან დაახლოებას, მჭიდრო ურთიერთობასა და განმარტოებულ ლოცვას მის მიმართ. ამ დროს თავს ვიკავებთ ყოველგვარი საკვებისაგან. ტარდება საყოველთაო მარხვები, რომლისთვისაც ეკლესია აცხადებს კონკრეტულ დღეებს, ასევე არის ინდუვიდუალური მარხვაც. მარხვა ყოველთვის არის დაკავშირებული ლოცვასთან.“
ადგილობრივ ეკლესიებში ირჩევენ მსახურებს (ხუცესებს, დიაკვნებს), რომლებიც ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ. ეკლესიას ასევე ჰყავს ხელმძღვანელი სასულიერო პირი, რომელსაც ეწოდება მწყემსი, იგივე „პასტორი“.
მეშვიდე დღის ადვენტისტებისთვის უქმე და ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი დღე არის შაბათი. სხვა გამორჩეული, კალენდარულად დადგენილი დღესასწაულების დაწესების პრაქტიკა ეკლესიაში არ არის. შაბათს ისინი თავს იკავებენ საერო საქმიანობის, მუშაობის, სასწავლო დაწესებულებებში სიარულისა და ვაჭრობისაგან.
ბორის ჭარაია: „სიტყვა „შაბათი“ ებრაული წარმოშობისაა და ნიშნავს სიმშვიდეს, დასვენებას. ამ დღისათვის განსაკუთრებით ვემზადებით წინა დღეს, პარასკევს, რაც ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მზადება“. ბიბლიის თანახმად შვიდდღიანი კვირა მთავრდება შაბათით, ამიტომ „პირველი დღე“ (შაბათის შემდეგ, იხ. მათე 28:1) შეესაბამება კვირადღეს (ერთშაბათს), „მეორე დღე“ – ორშაბათს და ა.შ. წმინდა წერილში წერია, რომ უნდა „გვახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმინდა ვჰყოთ იგი“ (გამოსვლა 20:8). ამ დღის „წმინდა ყოფა“ ნიშნავს ღვთისადმი მიძღვნას, რაშიც მოიაზრება ღვთისა და მოყვასისადმი მსახურება. თუკი არსებობს რაიმე გადაუდებელი საქმე, როგორიცაა მაგალითად, ადამიანის გადარჩენის საკითხი, მაშინ ჩვენც ქრისტეს მაგალითისამებრ ვასრულებთ კეთილ საქმეს, ანუ სიკეთის ქმნა შაბათ დღესაც შეიძლება “ (მათე 12:12).
ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ადვენტისტთა ეკლესიისა ის არის, რომ იგი დიდ ყურადღებას უთმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ეკლესია გამოსცემს ბროშურებს, ჟურნალებს, რომლებშიც მოცემულია ჯანსაღი ცხოვრებისა და რაციონალური კვების პრინციპები, დიდი ადგილი უჭირავს ანტინიკოტინურ და ანტიალკოჰოლურ პროპაგანდას. როგორც პასტორმა ბორისმა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამ მიმართულებით ხშირად ტარდება ღონისძიებები, ისინი ქადაგებენ როგორც სულიერ სიჯანსაღეზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.
პირველი ოფიციალური ადვენტისტი მისიონერი საქართველოში შემოდის 1904 წელს. ეს იყო ვაგრამ პამპანიანი, რომლის ძალისხმევითაც უკვე 1909 წლისთვის სოხუმში ჩამოყალიბდა ადვენტისტური საკრებულო. საბჭოთა კავშირის დროს ეკლესია ვერ ახერხებდა განვითარებას, რადგან ხელისუფლებისგან მძიმე რეპრესიებს განიცდიდა.
„ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი თუ რა მატერიალური ზარალი მიადგა ჩვენს ეკლესიას. როდესაც ვსაუბრობთ რეპრესიებზე, უპირველეს ყოვლისა მხედველობაში გვაქვს ის მორალური ზარალი, რომელიც საბჭოთა პერიოდში განიცადა ადვენტისტურმა ეკლესიამ მსგავსად სხვა რელიგიური გაერთიანებებისა. რეპრესიების შედეგად, ეკლესიამ საქართველოში თითქმის შეწყვიტა თავისი არსებობა, თუმცა მცირე ჯგუფები საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავაც არსებობდნენ. 1957 წელს მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა ადვენტისტი მქადაგებელი პავლე პანჩენკო. სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ იგი საქართველოდან გაასახლეს, ხოლო ეკლესიის წევრები კი რეპრესიაში მოყვნენ. 1977 წლიდან კი საქართველოში მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის არსებობის ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი იწყება, როდესაც თბილისში იოჰან დრელინგმა და პავლე ლაგუტოვმა ლოტკინის მთაზე დაარსეს ამჟამად მოქმედი ადვენტისტური ეკლესიებიდან პირველი ეკლესია. მან რეგისტრაცია 1982 წელს მიიღო და ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღესდღეობით ჩვენი ეკლესია მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული, გვაქვს სამლოცველო სახლები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და სხვა ქალაქებში.საერთო ჯამში 400-მდე წევრი და 15-მდე ხელდასმული მსახური გვყავს. არ ვიღებთ სახელმწიფოსაგან არანაირ დახმარებას, მხოლოდ საეკლესიო შემოწირულობების ხარჯზე ვარსებობთ და ვასრულებთ სხვადასხვა სახის მსახურებას.“
2001 წლიდან საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია ავტონომიური ერთეულია, რომელიც მართვის დემოკრატიული პრინციპებით ხელმძღვანელობს. რეგისტრირებულია როგორც „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“, უახლოეს მომავალში კი გეგმავენ რეორგანიზაციას „სსიპ“ სტატუსით. რელიგიური მიმდინარეობა გარდა საეკლესიო მსახურებისა, აქტიურ სოციალურ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.
მსოფლიო მასშტაბით ფუნქციონირებს განვითარებისა და დახმარების ადვენტისტური სააგენტო „ადრა“ (Adventist Development and Relief Agency ADRA). მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია სტიქიური უბედურებების, საომარი კონფლიქტებისა და სხვადასხვა სახის კატასტროფების დროს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა; ჰუმანიტარული დახმარების გაწევა საჭიროებისამებრ; ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკური განვითარება. ეს ორგანიზაცია არ ეწევა სამქადაგებლო და სამისიონერო საქმიანობას და ეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა.
იგი საქართევლოში 1996 წლიდან მოქმედებს. დღემდე განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები:
–2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ, დროებით გადაადგილებულ პირებს პირველადი მოხმარების საგნებით ამარაგებდნენ, რაც არ იყო ერთჯერადი ხასიათის, მთლიანობში დახმარება გაეწია 2 150 დროებით გადაადგილებულ პირს, რომელთა შორისაც იყო 750 ბავშვი და 480 ხანდაზმული. ორგანიზაციამ იზრუნა აგრეთვე მათთვის ესწავლებინა გარკვეული ხელობა. მაგ., 2010 წლის ზაფხულში საგურამოში მცხოვრებ 36 მოქალაქეს შეასწავლეს მეფუტკრეობა.
-„ადრა – საქართველომ” ომის შედეგად ქ. სენაკის სამედიცინო კომპლექსის განადგურებული სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემა აღადგინა. ეს პროექტი 2009 – 2010 წლებში გახორცილედა.
-ამავე პერიოდში, თბილისის ორ ბავშვთა სახლში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „ობოლი”, რომლის მიზანი იყო ამ ბავშვებში სქოლიოზის პროფილაქტიკა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსების ორგანიზება. შემოწმების შედეგად ბავშვების 75%-ს გამოუვლინდა სწორედ ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. ამ პროექტის ფარგლებში ასევე აღიჭურვა ორი სპორტ კლასი და ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული პატარა მოედანი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე, სადაც ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით მკურნალობა გაიარა 186-მა ბავშვმა (6 დან – 18 წლამდე).
„გარდა ამისა ტარდება საევანგელიზაციო შეხვედრები, ბიბლიის შემსწავლელი კურსები. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ეწყობა ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები, ლაშქრობები, სპორტული შეჯიბრები, ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ჯანმრთელობის განმტკიცებასა და ზნეობრივ თვითშეფასების ამაღლებას ემსახურება, მაგლითად, პროგრამა-„ თაობა NEXT ირჩევს“, ეხმარება ახალგაზრდებს უთხრას არა-ნარკოტიკებს, თამბაქოს, ალკოჰოლს, ადრეულ ინტიმურ კავშირს ქორწინებამდე. ზოგადად, ადვენტისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ოჯახი საზოგადოების გულია. ზნეობრივი პრინციპების დაცემა, არატრადიციული სექსუალური ცხოვრების ლეგალიზაცია, განქორწინება და ე.წ. თავისუფალი თანაცხოვრება დამღუპველ გავლენას ახდენს ოჯახზე. ეკლესია თვალს არ ხუჭავს ამგვარ პრობლემებზე და ცდილობს მათ დაძლევაში დაეხმაროს საზოგადოებას.“
მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია მჭიდროდ თანამშრომლობს რელიგიურ კონფესიებთან საქართველოში. როგორც პასტორმა ბორისმა გვითხრა, ამჟამად ლუთერულ ეკლესიასთან ერთად სოციალურ პროექტზე მუშაობენ. ჩართულნი არიან სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს საქმიანობაში და თვლიან, რომ ესაა ფორუმი, სადაც ეძლევათ საშუალება გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება რიგ პრობლემურ საკითხებზე.
ეკლესიის სურვილია სახელმწიფომ გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რომლებიც რელიგიათა საბჭომ შეიმუშავა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის.
„რელიგიური გაერთიანებები უნდა იყვნენ თანასწორ პირობებში, მიუხედავად საქართველოში მათი არსებობის ისტორიის ხანგრძლივობისა და მრევლის რაოდენობისა. დაუშვებელია დისკრიმინაციული მიდგომა რელიგიური კონფესიებისა და დენომინაციების მიმართ, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად ყველა მოქალაქეს აქვს სიტყვისა და სინდისის თავისუფლება, “ -აღნიშნა ბორის ჭარაიამ.
სოფიკო ნინიკაშვილი