“ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში,” – ამის შესახებ განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ უკვე წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან მჭიდრო და ღია დიალოგი საქართველოსთან. გვაქვს შემუშავებული მოქმედების სპეციალური გეგმა, კერძოდ თანამშრომლობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ სასამართლო სისტემის გაძლიერებაში და ასევე სხვა საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ.
მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან და ამ კუთხით, აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალიან დადებით დამოკიდებულებას ევროპის საბჭოსა და ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს მიმართ, ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში.