„მთელი ქონება, რაც შევქმენი ჩემი დაუღალავი შრომით და ხალხის მიერ შემოტანილი თანხით, მზად ვარ გადავცე სხვა კომპანიას, რათა „ცენტრ პოინტს“ არცერთი დაზარალებული არ დარჩეს და დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები. ეს არის ჩემი მიზანი და ამისთვის, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობ“, – მაია რჩეულიშვილის ამ განცხადებას მისი ადვოკატი ახმოვანებს.
რუსთავის მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაია რჩეულიშვილი დღეს ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატ მარი ცუცქირიძის განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით,მაია რჩეულიშვილთან დღეს მნიშვნელოვანი დეტალები განიხილა.
მისივე თქმით, ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმება მაია რჩეულიშვილის დირექტივით გადაწყდა. დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხები და მომავალ სამუშაო შეხვედრას ორივე კომპანიის იურისტები დაესწრებიან.
8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდებოდა. მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავება.