საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შესაბამისი პროცედურები წლის ბოლომდე დასრულდება. მიხეილ ჯანელიძე სუამ-ის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებაზე საუბრობს, რაც თავისუფალ სავაჭრო ზონას შეეხება. მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის.
მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით.
„სატრანსპორტო კორიდორს შეუძლია მხოლოდ სიკეთის, სტაბილურობის და განვითარების მოტანა მთლიანად რეგიონისთვის. ამ თანამშრომლობისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიწვევთ როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით ყველა დაინტერესებულ მხარეს,“ – განაცხადა ჯანელიძემ.
სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეტა მინისტრების შეხვედრა თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართა.












