„ყველა იმ ადამიანს,რომელმაც ისრები მედიისკენ გადმოიტანა დავცინე, რადგან იმის ნაცვლად,რომ საფრთხეებზე ელაპარაკათ, რისხვა ჟურნალისტებზე გადმოიტანეს“ , – 21 ნოემბრის სპეცოპერაციისას მედიის როლზე ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„მედია მოიქცა ძალიან კარგად, აჩვენა ყველაფერი რაც ხდებოდა. მედია მოიქცა ისე,როგორც უნდა მოქცეულიყო. არავინ იცის რამდენი „ფეისბუქ ლაივი“ იყო არა მედიის წარმომადგენლების მხრიდან. რომ არა მედია, საზოგადოება ვერ გაიგებდა რა ხდებოდა. საკუთარი სიცოცხლის საფრთხის წინაშე იდგნენ ჟურნალისტები. „რუსთავი 2“-მა ხაზგასმით და ყოველი 15 წუთის ინტერვალში თქვა,რომ ეს ყველაფერი გადაიცემოდა 1 საათის დაგვიანებით. ერთი საათის შემდეგ ლოკაციები ყველა ვარიანტში იქნებოდა შეცვლილი.
პირდაპირ ეთერში არაფრით არ გადავცემდი სპეცრაზმელების დისლოკაციის ადგილს. არც ერთი ჟურნალისტი იქ არ ყოფილა,სადაც არ უნდა ყოფილიყო. სასაცილოები არიან ის ადამიანები,რომლებიც ჩასაფრებული პოზიციიდან ისრებს იტანდნენ ჟურნალისტებზე და ერჩივნათ,რომ საზოგადოება ყოფილიყო საინფორმაციო ვაკუუმში. მთავრობის სხდომა ჩატარდა იმ დღეს,როდესაც დედაქალაქში ასეთი მასშტაბის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა და არავინ ჩათვალა საჭიროდ, რომ განცხადება გაეკეთებინა. თუ ჟურნალისტები არღვევდნენ კანონს, ეს მათთვის ვინმეს უნდა ეთქვა. რადგან არავინ არაფერი არ თქვა, ესეიგი ჟურნალისტი საფრთხეს არავის უქმნიდა“ , – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
მანანა ღოღობერიძე













