„მესმის ოჯახის პოზიცია, რომ არ უნდათ დაიჯერონ რომ მათი ოჯახის წევრი შესაძლოა იყოს დამნაშავე. უნდა დავსვათ კითხვა, ჰქონდა თუ არა სუს-ის თანამშრომელს რაიმე ინტერესი,რომ ამ ადამიანის ლიკვიდაცია მოეხდინა. თუ დადასტურდა,რომ საფრთხე ექმნებოდა იქ მყოფ ადამიანებს, რა თქმა უნდა სპეცრაზმელი სწორად მოიქცა“ , – პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესების შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ,სოფო კილაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „დიანა ტრაპაიძის დღის ამბები“ ისაუბრა.
„ამ სპეცოპერაციას და პანკისში მიმდინარე პროცესებს აქვს მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება. აღიკვეთა უდიდესი დანაშაული და ამაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას. ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვაზე საუბარი ზედმეტია,როცა არის ანარქია, ტერორისტების და კრიმინალური დაჯგუფებების არსებობის გამო. ეს ყველაფერი რჩება ყურადღების მიღმა, ელემენტალურად მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს,რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ და თავისი სიცოცხლე ჩაიგდეს საფრთხეში, მათ ყოველდღიურად ვაყენებთ ნეგატიურ ჭრილში, რაც არასწორია.
თუ ვინმემ დააშავა, უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ წინ არ არის წამოწეული სპეცრაზმელების პროფესიონალიზმი. გამორიცხული არც ის არის,რომ კონკრეტულ სამართალდამცავს გადაეჭარბებინა უფლებამოსილებისთვის, მაგრამ თუ დადასტურდება,რომ ეს ადამიანი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, უდავოა რომ სამართალდამცავი სწორად მოიქცა.
რა თქმა უნდა პრევენციული ღონისძიებები არის ყველაზე მომგებიანი და ზოგავს მეტ დროს, ენერგიას. თუმცა ვემიჯნები კომენტარებს, რომ კონკრეტული ეთნოსი, ადგილი დავუკავშიროთ რაიმე ცუდს. ეს არის სტიგმა, დისკრიმინაცია. არ შეიძლება კონკრეტული დამნაშავეები მივაბათ რომელიმე ეთნოსს,რელიგიას. უბრალოდ ვიცით,რომ ამ ხეობაში უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენ საქართველოში, კონკრეტული ადამიანები ჩააბეს ტერორისტულ საქმიანობაში. ამიტომ აქ მეტად უნდა იყოს პრევენციული ღონისძიებები“ , – განაცხადა სოფო კილაძემ.
მანანა ღოღობერიძე













