15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
კვლევა „საქრძის“ დაკვეთით „MIC-TNS”-მა ჩაატარა. აღნიშნულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.
„რაც შეეხება, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, 8-ში, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანსცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.
ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რძის მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ (Dairy Georgia) იწყებს აქტიურ მუშაობას, რათა გაზარდოს მომხმარებელთა ცნობიერება ყველის შესახებ და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხარისხიანი ყველის წარმოებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ხვალ, სასტუმრო „Holiday Inn”-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. პრეზენტაციის მხარდამჭერია პროექტი „MOLI კახეთში“, რომელიც ხორციელდება HEKS/EPER-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით.














