„მე არ ვხედავ საარჩევნო კამპანიის დასაწყისს მარგველაშვილის განცხადებებში და დარწმუნებულიც არ ვარ,რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. მარგველაშვილისთვის ძალაუფლება არის ტვირთი, მას აწუხებს ეს მდგომარეობა, არ არის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი“ , – პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატების შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ლევან ჩხაიძის დღის ამბები“ ისაუბრა.
„ქართული ოცნება“ მარგველაშვილის წინააღმდეგ შეტევებს სულ ახორციელებდა და ეს არ იყო ახალი, ბოლოს შეწყალების თემაზე „შეუტიეს“, რა არის ხელისუფლების მოტივი რთული გასარკვევია, შესაძლოა ეს იყოს მორიგი ციკლი, ან შიში მარგველაშვილის,როგორც საპრეზიდენტო კანდიდატისა. „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის,რომ პრეზიდენტი გახადოს იძულებული გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა.
პრეზიდენტს ამ დისკომფორტის შემცველი ტვირთისგან გათავისუფლება უნდა. მისი რიტორიკა იმით არის განპირობებული, რომ მას ეს არ უნდა, თუმცა შეუძლია მოუწიოს. მას აღარ აქვს კომფორტი,რომ წავიდეს და დაისვენოს. გიორგი მარგველაშვილისთვის ბევრად კომფორტულია იჯდეს ჩემსავით ეთერში და ლაპარაკობდეს იმას,რასაც ფიქრობს. მეორე მხრივ, პრეზიდენტს ხელაღებით არ შეუძლია პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
რა თქმა უნდა პრეზიდენტმა ვერ მოახდინა გავლენა პროცესებზე, მაგრამ ცდილობდა მაქსიმალურად გამოეყენებინა თავისი მწირი ინსტრუმენტები,რომ „ქართული ოცნება“ დაპირებებს არ გაცდენოდა და ძალაუფლების უზურპაციის ტენდენციები შეეჩერებინა. ჩნდება კითხვები რამდენად დაინახავს ამომრჩეველი,რომ მას რეალურად რამის შეცვლა შეუძლია. მარგველაშვილის შანსები არ არის მაღალი და რადიკალიზმი,რომლითაც შანსების გაზრდა შეიძლება, არ არის მისი სტილი“ , – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე














