ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გასაღების და სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე, ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულები არიან ტრისტან შუკაკიძე, გიორგი ცეზარის ძე აღაპიშვილი და გიორგი ტრისტანის ძე აღაპიშვილი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ცემენტის გაყიდვისას, გარკვეული გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ, საგადასახადო დოკუმენტაციაში ფასებს ხელოვნურად ზრდიდნენ. ასევე, აყალბებდნენ “ჰაიდელბერგ ცემენტის” სასაქონლო ნიშანს და ისე ახდენდნენ პროდუქციის რეალიზაციას.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით და 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
23.09.13