„საიტერესოობა” პირობითია.ერთი თემა, ნივთი,ამბავი, შესაძლოა, თანაბრად საინტერესო იყოს როგორც ქალისთვის, ისე -კაცისთვის. დღეს არის ის საუკუნე, როცა სქესი და გენდერი ყველანაირ ჩარჩოს ამსხვრევს.ამავე საუკუნეში, ბაია აბულაძისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მეღვინეობა აღმოჩნდა.
მისი საქმიანობის სფერო მევენახეობა/მეღვინეობაა. მარანიცა და ვენახებიც ბაღდათში, სოფელ ობჩაში მდებარეობს. მისი წარმოება საქართველოს, კერძოს კი – იმერეთს მოიცავს. ღვინო, საქართველოს დიდი ქალაქების გარდა, უცხო ქვეყნებშიც იყიდება.
პირველად, ღვინის წარმოებით როდის და რატომ დაინტერესდი?
ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ჩვენი ტრადიციული საქმიანობაა. ჩვენი ოჯახი მეოთხე თაობაა, აგრძელებს ობჩაში ღვინის დაყენებას. ბაბუა, პროფესიით, მევენახე აგრონომია მეორე ბაბუას თითით საჩვენებელი ვენახი ჰქონდა სოფელში. მამა, დედ და ბიძია ამ საქმეს აგრძელებდნენ და ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი, კი არ მიგვეტოვებინა, არამედ დავბრუნებოდით ამ მიმართულებას. 2015 წლიდან, ჩვენი ღვინო ბოთლებშიც ჩამოისხა და რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში დავიწყეთ მისი რეალიზაცია.
წარმოებას აბსოლუტურად დამოუკიდებლად ახორციელებ?
“ბაიას ღვინო” საოჯახო ბიზნესია. ყველას საკუთარი როლი გვაკისრია. დედა და მამა თან ობჩის სკოლაში ასწავლიან და თან საქმის დიდი ნაწილი მათზე გადმოდის. გვანცა, ჩემი და, პროფესიით აგრონომიის მაგისტრია და ვენახებზე დაკვირვება და დაავადებების კონტროლი აბარია. ამასთან, ახლა ბიომიმართულებაზე გადავედით და ორმაგი პასუხისმგებლობაა. წითელი ღვინის წარმოებასაც გვანცა ახორციელებს. ჩემი ფუნქციაა, ასევე, ვენახის მწვანე ოპერაციები და ღვინის დაყენება. გიორგი მეღვინეობა/მევენახეობის ფაკულტეტზე სწავლობს და ღვინის ბიოლოგიურ პროცესებს, დისტრიბუციას აგვარებს. ერთად საქმის კეთება ბევრად უკეთესია.
ამ მხრივ, რა წარმატებებისთვის მიგიღწევია?
პირველი წარმატება ის იყო, რომ ჩვენი ღვინო ქართულმა რესტორნებმა და ღვინის მაღაზიებმა მიიღეს და დიდ მოწონებას იმსახურებს. ასევე, გვანცას დახმარებით, ამერიკის ბაზარზე გავედით, სადაც ასევე დიდი წარმატებით იყიდება ჩვენი ღვინო. ყველაზე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ბიომეურეობისკენ გეზის აღება. ბოლოს, მსოფლიოში აღიარებული გამოცემის, “ფორბსის” სტატიამ ძალიან გაგვახარა და მოტივაცია შეგვძინა.
გარდა მეღვინეობისა, სოფლის მეურნეობის სხვა რომელიმე დარგით თუ ხარ დაინტერესებული?
დიახ, აგროტურიზმითა და ღვინის ტურიზმით. ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს ადგილობრივი კერძებითა და ღვინით ვუმასპინძლებით. სოფლად მოყვანილი პროდუქტებით კი, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით გემრიელი საჭმელი კეთდება.
ამ მხრივ, რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
გვსურს, მეტი ვისწავლოთ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში და ჩვენი მხარეც ტურისტების საყვარელი ადგილი გახდეს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე