ცხოვრება სამზარეულოს ჰგავს. რეცეპტებით დაწყებული საქმიანობა მაინც მოულოდნელობებითაა სავსე და არ იცი საბოლოოდ რა გამოვა, ისევე როგორც ცხოვრებაში. ბევრს ვაკეთებთ დაგეგმილად თუ დაუგეგმავად, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც მოულოდნელია.
კულინარია მისი გატაცებაა. ექსპერიმენტები და რისკები არც სამზარეულოში აშინებს და არც ცხოვრებაში. ტრადიციულ კერძებს პირადი იმპროვიზაციით ხშირად აფორმებს და მთიელებს ახლებურად აყვარებს ჭამას.
25 წლის ნინი ხულელიძე წარმოშობით ყაზბეგის რაიონის სოფელ არშიდანაა. სკოლა თბილისში, მუხიანში დაამთავრა და ინგლისური ენის ფილოლოგიას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დაეუფლა. შარშან მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსით ბავშვების მომზადებას შეუდგა.
ამ ზაფხულს მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მონატრებულ ხევში დასასვენებლად ჩასული მეზობლების თხოვნას და რჩევებს დაჰყვა და როგორც თვითონ ამბობს დარჩა და დარჩა.
ნინი 10 მოსწავლეს ამზადებს თავის დასთან ერთად, რომელმაც ასევე მშობლიურ ყაზბეგში დაბრუნება და აქ დარჩენა გადაწყვიტა. მოსწავლეები სხვადასხვა სოფლიდან დადიან მასთან, ის კი ოჯახურ პირობებში ახალი და მხოლოდ საკუთარი მეთოდებით ცდილობს მოხევეებს ინგლისური ენა შეაყვაროს.
როგორც სხვები ნინიც მთის მკაცრ პირობებს გაექცა ქალაქში, მეტი პერსპექტივის იმედით სასურველ პროფესიას დაეუფლა, თუმცა ფიქრები შორეულ მთაზე მაინც არ ასვენებდა. ბედნიერი ბავშვობა, მეგობრებთან ერთად სირბილით მოვლილი მწვანე ველები, გადაყვლეფილი მუხლებიც კი დღემდე ნოსტალგიას იწვევს ახალგაზრდა მოხევეში, რომელიც მზადაა არ შეუშინდეს სირთულეებს და თავისი საქმიანობით მომავალ თაობებს წარმატება და შრომა შეაყვაროს.
გარდა მასწავლებლობისა ღვინის ახლადგახსნილ მაღაზიაში მუშაობს და ლუდის მოყვარულ მთიელებს სხვადასხვა ღვინის სპეციფიკასა და თვისებებზე გულდასმით ესაუბრება.
სიყვარულით მომზადებული „ დუხოვკაში აკანებული კარტოხაის „ ოხშივარით ხშირად აერთიანებს ოჯახს, მერე სხვებსაც უზიარებს პირად რეცეპტებს და მიგნებებს კულინარიაში. მოსწავლეებისთვის სამუშაო ოთახი თავისი ხელით მოაწყო, ქსეროქსის აპარატიც აქვს უკვე და დაფაც.
ნინის სამომავლო გეგმებიც მთას და მის საყვარელ საქმიანობებს უკავშირდება. მოსამზადებელი ცენტრის გახსნა უნდა, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარით იქნება აღჭურვილი და მთიელ ბავშვებს სრულ კომფორტს შეუქმნის უცხო ენების დაუფლების დროს.
პატარა კაფის გახსნასაც გეგმავს, სადაც სიყვარულით უმასპინძლებს სტუმრებს და საკუთარ გემრიელობებს დააგემოვნებინებს.
წინა ცხოვრებაზე არ უფიქრია, თუმცა ხშირად ამბობს:
„ არ ვიცი იყო თუ არა წინა ცხოვრება ან იქნება თუ არა მომდევნო, მხოლოდ ის ვიცი რომ ამ ცხოვრებაში მთა ჩემთვის სიმშვიდე, თავისუფლება და საოცარი სურნელია, რომლის გარეშეც არასდროს არ მინდა ცხოვრება.”
მთა ჩემთვის ყველაფერია,თავისუფლებაა,სიმშვიდეა,ბედნიერებაა.
აქ ყველაფერი ისეთი ლამაზია,ისეთი გასაოცარი. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი,რომელსაც ეს მხარე არ მოეწონება. თითოეულ სეზონში აუცილებლად დაინახავ რაღაც ღვთიურსა და გასაოცარს….
დიდი ბედნიერებაა, როცა შეგიძლია შენი თვალით დაინახო და აღიქვა აქაური სილამაზე.“
ავტორი: ანა ურუშაძე