„მოზელილა“ დების მარიამ ტივაძე-საური და ხატია საურის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ შეიქმნა. გოგონებმა ნამუშევრების შექმნა სპონტანურად გადაწყვიტეს და დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში. „თბილისი თაიმსს“ მოზელილას შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ მარიამ ტივაძე-საური ესაუბრა.
თქვენ შესახებ რომ მომიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა დაგეწყოთ ეს საქმიანობა?
-მე და ჩემმა დამ დავიწყეთ ეს ბიზნესი. ძალიან მოგვწონდა ხელნაკეთი ფერადი ნივთები და გადავწყვიტეთ თავად გაგვეკეთებინა რაიმე სამკაული.გამოვიწერეთ ყველა ის აუცილებელი მასალა, რაც საჭირო იყო ნამუშევრებისთვის და გავაკეთეთ პირველი აქსესუარი. ვიდეო გაკვეთილების საშუალებით მალე განვვითარდით და ნამუშევრებიც თანდათან უფრო დაიხვეწა,შესაბამისად მომხმარებლების ინტერესი და ზრდა მოჰყვა. იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, მალევე მივხვდით, რომ ეს საქმიანობა უნდა გაგვეგრძელებინა აუცილებლად.
ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებთ?
ნამუშევრებს ვამზადებთ პოლიმერული თიხით, ყველაფრის შეძენა კი საქართველოს ბაზარზე ხდება, რომელიც არაჩვეულებრივი პროდუქციით გვამარაგებს. წარმოება დავიწყეთ ყელსაბამებით, ბეჭდებით, სამაჯურებით, ბროშებით, თმისსამაგრებით და მსგავსი აქსესუარებით. დავამზადეთ ჭიქებიც, თუმცა ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავამატოთ ჩარჩოები და საზაფხულო სათვალეები.
როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია „მოზელილას“ შეძენა ყველასთვის?
ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მიგვიღია და ვართ თვითნასწავლები, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო ხარისხის დახვეწილი ნივთები. ჩვენი მიზანია, ის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებლებს, რაც მათ უნდათ რომ შეიძინონ საკმაოდ დაბალ ფასად. ხელნაკეთი ნივთი ზოგადად ძვირია როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ მაღალ სეგმენტზე, ძალიან გვინდა ჩვენი პროდუქციის ყიდვა შეეძლოს ნებისმიერ მომხმარებელს .
რა გამოარჩევს მოზელილას სხვებისგან?
ჩვენ ჩვენი მრავალფეროვნება გამოგვარჩევს და ჩვენი სერვისიც. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა-ფერებია, განსხვავებული ფერები, რომლებსაც ვიყენებთ ნამუშევრების შესაქმნელად, რაც მომხმარებლებს ძალიან მომწონს. ასევე ხარისხი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია-ყველა მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. გარდა ამისა ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ჩვენია და სხვა არავინ ამზადებს.
სად არის შესაძლებელი „მოზელილას“ შეძენა ?
ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის შეძენა ფეისბუკის გვერდზე და სხვადასხვა მაღაზიის სტენდთან არის შესაძლებელი. სეზონურად ჩავდივართ სხვადსხვა ქალაქში და მაღაზიებს ვთავაზობთ ჩვენს პროდუქციას. მინდა აღვნიშნო, რომ ტურისტულ სეზონებზე განსაკუთრებით კარგად იყიდება ჩვენი ნამუშევრები.
როგორია შემოქმედების პროცესი?
ერთ სული მაქვს ხოლმე, მოვიცალო და დავიწყო ნამუშევრების კეთება, ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც ნამუშევარი დამსიზმრებია. აუცილებელია კარგი განწყობა გვქონდეს, იმისთვის რომ შევქმნათ ახალი და განსხვავებული პროდუქცია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი მთავარი მიზანია „მოზელილა“ გახდეს კიდევ უფრო მეტად ცნობილი საქართველოში. შემდეგ უკვე დავიწყებთ ფიქრს პროდუქციის უცხოეთის ბაზარზე გატანისთვის. სამომავლოდ ვგეგმავთ ასევე აეროპორტის მაღაზიების მომარაგებას.