ნამდვილად არ მიღირს ჩემი ღირსება არც ერთ თანამდებობად, არც ერთ პოზიციად და საერთოდ არაფრად, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულებისას, შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა.

მიქაუტაძე დეპუტატების მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკული შეფასებებს და კითხვებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღევანდელი საუბრები „ყოველგვარ საზღვარს გასცდა“.

მისივე განცხადებით, დეპუტატების მხრიდან „ასეთი არაკონსტრუქციული საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს არაფერს შესძენს“.

„მინდა წარმატება ვუსურვო დეპუტატებს და რაც მთავარია, მინდა წარმატება ვუსურვო თვითონ ამ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. ნამდვილად არ მიღირს ჩემი ღირსება არც ერთ თანამდებობად, არც ერთ პოზიციად და საერთოდ არაფრად. ამას ყველაფერზე მაღლა ვაყენებ. სწორედ ამ პროცესის პატივისცემით ვიყავი მე დღეს აქ და შევეცადე მაქსიმალურად კონსტრუქციულად მომესმინა თუნდაც ის საუბრები, რომლებიც ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ძალიან კარგად ახერხებენ კრიტიკის გამოხატვას კორექტულობის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ასეთი არაკონსტრუქციული საუბარი პროცესს ნამდვილად არაფერს შესძენს“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

Please follow and like us: