TIAF-თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი წელს საქართველოში 2-5 ნოემბერს მეორედ ტარდება. ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების და მასთან დაკავშირებული აუდიო/ვიზუალური ხელოვნების სხვა ფორმების საერთაშორისო და ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას. ანიმაციის სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციას და საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას.
ღონისძიება მოიცავს კინოჩვენებებს, ვორქშოპებს, ფილმის ავტორებთან შეხვედრებს, გამოფენებს…
ფესტივალზე წარმოდგენილია ანიმაციური ფილმების საკონკურსო პროგრამა მთელი მსოფლიოდან, თემატური პროგრამები, სტუმარი ფესტივალის საუკეთესო ფილმების პროგრამები. მთავარ სამიზნე აუდიტორიას მოზარდები და ახალგაზრდები წარმოადგენენ.
ღონისძიების ჩატარების ადგილად ეროვნული არქივის კინოთეატრია განსაზღვრული.
ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები, რომლებიც ფესტივალის მიზნების სრულად განხორციელებას ემსახურება.
ფესტივალს აქტიურად სტუმრობენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. მათი ფოტოებისა და განწყობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ფესტივალი შედგა და რადგან უკვე მეორედ ჩატარდა იმედს გამოვთქვამთ, რომ ტრადიციული და მრავალრიცხოვანი გახდება და ყველასათვის ცნობად საერთაშორისო ფორუმად დამკვიდრდება.