სულ ცოტა ხნის პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი სეზონი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილისა და მსახიობ ანკა ვასაძის გამარჯვებით დასრულდა. თავიდანვე წყვილს მაყურებელი გამორჩეულად გულშემატკივრობდა, რაც მათთვის სასურველი შედეგით დასრულდა კიდეც. ანკა ვასაძეს პროექტის განმავლობაში ადამიანები საკუთარი შრომისა და მონდომების გამო უჭერდნენ მხარს. შედეგიც ლოგიკური აღმოჩნდა.
დღეს ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და მისი ყოველდღიური აქტივობებიც საკუთარი პროფესიიდან გამომდინარეობს. მსახიობობა მისი გადაწყვეტილება იყო მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მას მიაჩნია, დღეს ეს ნაკლებად არის მომგებიანი. გარდა სპეკტაკლებისა, მას მონაწილეობა სერიალებშიც მიუღია, თუმცა, უმეტესად, ეპიზოდურ როლებში უნახავს მაყურებელს. ანკასთვის „იდეალური დედა“ და „აისი“ ის სერიალები აღმოჩნდა, რომლებშიც მან ერთ-ერთი მთავარი როლები შეასრულა.
როგორც მსახიობი თავად ამბობს, თავისუფალი დრო არ გააჩნია. ნებისმიერ დროს ის საკუთარ პროფესიას ახმარს. არც ჰობი აქვს – „ჩემი პროფესია ყოველდღიურ ფიქრსა და დაკვირვებას მოითხოვს“.
რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვების შემდეგ?
საზოგადოებამ გამიცნო და ყველაფერი დადებითი მიმართულებით წარიმართა. მათგან ძალიან კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობ. პირდაპირ მეუბნებიან, რომ ეს ძალიან დამსახურებული გამარჯვება იყო. დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეიცვალა და ეს ყველაფერი პოზიტიურად – ალბათ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ძალიან მოკლე დროში შესაძლებელი იყო, ასე მომხდარიყო.
ზოგადად, ისე არის ხოლმე, რომ მსგავსი ტიპის პროექტში მაყურებელს რამდენიმე ფავორიტი ჰყავს. ჩემს შემთხვევაში კი ისე გამოვიდა, რომ მათი გულები ერთხმად მოვიგეთ. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა. ქუჩაში და ყველგან ადამიანები ჩემ მიმართ ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ.
ჩემს პიროვნებაში საერთოდ არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო დავაფასე საკუთარი ახლობლები, მეგობრები დ ა ის ადამიანები, ვისგანაც სიყვარული ვიგრძენი. მე ძალიან მადლობელი ამ პროექტის და ხალხის. ძალიან ვეცდები, რომ მათ სამომავლოდაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩემ მიმართ, რაც ამ ეტაპზე აქვთ.
ავტორი: მარიამ ტიელიძე